გამოვდივართ მოწოდებით, შეიქმნას აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი – განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, დიმიტრი ხუნდაძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, ე.წ. „აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას.
„ჩვენ მოწოდებით გამოვდივართ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ეკვივალენტი შეიქმნას. ყოველდღიურად, არასამთავრობო ორგანიზაციები ახორციელებენ გამორჩეულ სამუშაოს როგორც ადგილობრივ, ასევე გლობალურ დონეზე. მიუხედავად ამისა, ისევე როგორც სხვა საჯარო საქმიანობაში, არსებობენ არაკეთილსინდისიერი ადამიანები, რომლებიც არასამთავრობო ორგანიზაციებს ფარად იყენებენ მოსყიდვის, არაგამჭვირვალე ლობირებისა და გარიგებაზე გავლენის მოხდენის მიზნით. საქმემ აჩვენა, რომ ჩვენ გვჭირდება კონტროლის გაძლიერება და ხარვეზების აღმოფხვრა. ჩვენ მხარს ვუჭერთ მკაფიო სტანდარტებს და გამჭვირვალე წესებს. ჩვენ არ გვსურს ყველა არასამთავრობო ორგანიზაცია, რამდენიმე ორგანიზაციის არასწორი ქმედების გამო დამნაშავედ გამოვიყვანოთ. ჩვენ სასწრაფოდ გვჭირდება არასამთავრობო ორგანიზაციების ყოვლისმომცველი ფინანსური წინასწარი შემოწმება, სანამ მათ არ შეიყვანენ გამჭვირვალობის რეესტრში; საჭიროა, რომ პოლიტიკოსები და ლობისტები მესამე ქვეყნებიდან დარეგისტრირდნენ; ჩვენ უნდა დავადგინო წესები, რომლებიც გაართულებს არაგამჭვირვალე არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან ინსტიტუტების მოტყუებასა და აღადგენს ხალხის ნდობას; საჭიროა, შეიქმნას უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის ანალოგი. აღარ გავაგრძელებ, მაგრამ მინდა გკითხოთ, მოგეწონათ? არ შეშინდეთ! კანონის წაუკითხავად გაპროტესტებისთვის, ტყუილად არ შეკრიბოთ რუსთაველზე ხალხი და ნურც იმით დაკავდებით, რომ „მოლოტოვის კოქტეილები“ დაამზადოთ და დაურიგოთ ახალგაზრდებს. ეს არ არის „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემობრუნება თავიდან, ეს არის ევროპარლამენტში ყველაზე დიდი პარტიის EPP-ის ინიციატივა და მოკლე განმარტებითი მოწოდების ტექსტი აშშ-ის უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის „ფარას“ ევროპული ეკვივალენტის შექმნის შესახებ. პრაქტიკულად, ეს არის ამერიკულ-ქართულ-ევროპულ-რუსული კანონი, ერთი გამონაკლისით, ის რუსულია მხოლოდ საქართველოში. გაიგეთ რას ამბობენ ევროპაში? რიგი არასამთავრობოები არაკეთილსინდისიერად იქცევიან, ინსტიტუტების მოტყუებას ცდილობენო; მათი ფინანსური კონტროლი აუცილებელია; იმასაც ამბობენ, რომ საჭიროა რეგისტრაცია და გამჭვირვალობაო; მათ ხალხის ნდობა სჭირდებათ და ხალხს მეტი ინფორმაცია მათზეო; ეს ყველაფერი ევროპული ან ამერიკული ინგლისურიდან თუ კარგად გესმით, ქართულიდან რატომ ვერ გაიგეთ? ან თუ ვერ გაიგეთ, წაგეკითხათ მაინც და თუ წაუკითხავად დაგიკვეთეს პროტესტი, მაშინ ახალგაზრდებისთვის მაინც გეცდიათ, რომ 4 -გვერდიანი კანონი, რომელიც მხოლოდ 4 პუნქტისგან შედგებოდა, წაეკითხათ და არც მათ დასჭიდებოდათ პოლიციელების ცოცხლად დაწვა ქალაქის ცენტრში. არც იმ წესიერ ხალხს დასჭირდებოდა იმ ღამეს ბრძოლის ველზე ე.წ. სელფების გადაღება და სოციალურ ქსელში მტკიცებულებად განთავსება, რომ თქვენი მხრიდან ბულინგის მსხვერპლნი არ გამხდარიყვნენ.
რამდენს მოღალატეობა დააბრალეთ და ოჯახის წევრები გაულანძღეთ. სიმართლის თქმა რუსეთუმეობით გინდოდათ რომ ჩაგეხშოთ, მაგრამ ვერ შეძელით! პრემიერ ღარიბაშვილს რუსეთის ინტერესების გატარებაში დასდეთ ბრალი, როცა მან უკრაინაში ომის დაწყების მთავარ მიზეზად მისი ნატო-ში შესაძლო გაწევრიანება დაასახელა. რამდენიმე დღეში ნატო-ს გენმდივანმა იგივე მოსაზრება რომ დააფიქსირა, ამას თქვენ უკრაინის მხარდაჭერა დაარქვით. ეს არის თქვენი სიცრუეზე დაფუძნებული ორმაგი სტანდარტები. თქვენი ევროპელობის სურვილიც ხომ ყალბი იყო და მერე თავად ამხილეთ საკუთარი გუნდის წევრები, რომ ისინი ევროპაში დადიოდნენ არა სტატუსის მოპოვებისთვის, არამედ ხელის შეშლისთვის, მაგრამ მთავარია, რომ მათ ეს არ გამოუვიდათ, ქვეყანა რამდენიმე დღეში იზეიმებს ამ წინსვლას. ეს ზეიმიც გინდოდათ მიგეთვისებინათ, მაგრამ არც ეს გამოგივიდათ. შეგრჩათ ხელში დიდი დროშა და ცოტა ხალხი. ნურც პრეზიდენტის იმედი გექნებათ, იმიტომ, რომ პრეზიდენტმა საკუთარ საარჩევნო კამპანიის დროს მხარდამჭერები საკუთარ თავს ვერ მოუგროვა და თქვენ მოგიგროვებთ? სულ რამდენიმე დღე დარჩა და ზეიმსაც და ხალხსაც ჩვენ გაჩვენებთ, ისევე როგორც გაჩვენეთ თუ როგორ შეიძლება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ომის, რევოლუციისა და ცალ ფეხზე დგომის გარეშე, ღირსეულად, ამაყად და მორჩილების გარეშე. ხომ ნახეთ, თურმე არც მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და არც კვდება. მოფერიანდა და არჩევნებისთვის ემზადება. მაგრამ არამხოლოდ ის ემზადება, გულწასულ და სულწასულ ოპოზიციას არჩევნების შემდგომი პერიოდისთვის ამზადებს რევოლუცია მიუღწეველი ლობისტთა ჯგუფი. შემდგომისთვის იმიტომ ვამბობ, რომ მათგან არაფერი გამოდგება სწორედ ამ ხალხისთვის საარჩევნოდ. NDI-მაც შეაშველა საკუთარი ხელი კვლევით, თითქოს, 62% ამომრჩევლებისა გადაუწყვეტელია და ამით ქვეყანაში სურთ მესამე ძალის მოთხოვნის ცრუ განწყობა შექმნან, მაგრამ NDI ისევე აცდება არჩევნების რეალურ შედეგს, როგორც ასცდა წინა 8 შემთხვევაში, თუმცა „ქართული ოცნების“ უპირატესობა მაინც ვერ დამალა, რადგან ტყუილს მოკლე ფეხები აქვს. ასე მძიმეა ტყუილის ავტორობა. ასე მძიმეა ცალ ფეხზე დგომა. ასევე მძიმეა აგენტობა და მონური ფსიქოლოგია და ასევე, უპირატესობა ორმაგი სტანდარტებით აბსოლუტურად უპერსპექტივოა. ტყუილს მოკლე ფეხები აქვს და იდექით ცალ ფეხზე. თქვენ მაინც მოგწონთ ასეთი მდგომარეობა, ქვეყანა კი წინსვლას უთქვენოდაც გააგრძელებს“,-აცხადებს ხუნდაძე.