შეიძლება ეს საკითხი დაისვას – ბასილაია სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობაზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი ბექა ბასილაია არ გამორიცხავს, რომ მოითხოვონ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობა, რადგან, მისი თქმით, ექსპრეზიდენტის “რეაბილიტაცია საქართველოში შეიძლება სერიოზული პრობლემების მატარებელი იყოს”.

“თუ ვსაუბრობთ ადამიანის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, ბუნებრივია, უნდა იქნეს გათვალისწინებული მისი მკურნალობის საუკეთესო გზები. ეს საუკეთესო გზები, სამწუხაროდ, საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ქართველ ექიმთა საზოგადოებას დიდ პატივს ვცემთ და დავინახეთ, როგორი მაღალი კომპეტენციისა და მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მატარებელია ეს ხალხი, არსებობს რიგი ქვეყნები დასავლეთში, სადაც სამედიცინო სფერო უფრო განვითარებულია ტექნოლოგიური თვალსაზრისით.

აქედან გამომდინარე, თუ საჭიროება დადგება და ეს საჭიროება დგას, აქ მისი რეაბილიტაცია შეიძლება სერიოზული პრობლემების მატარებელი იყოს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ეს საკითხი დაისვას და ამას ექნება სამედიცინო და სამართლებრივი დასაბუთება”,–ამბობს ბექა ბასილაია TV პირველის ეთერში.

მესამე პრეზიდენტის ადვოკატის განმარტებით, სასჯელის გადავადებისთვის აუცილებელია შესაბამისი სპეციალისტების მაღალკომპეტენტური დასკვნა.

ადვოკატი აღნიშნას, რომ განაჩენის აღსრულების გადავადება არანაირად არ ნიშნავს, რომ სააკაშვილი ან მისი ადვოკატები აღიარებენ პოლიტიკურად მოტივირებულ ბრალდებებსა და განაჩენებს.