“შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც ევროპულში იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ”,– ასე ეხმიანება ნიკა მელია კალაძეს, რომელმაც ბურთი აკენწლა და მისი პაროდია გააკეთა.
მისი თქმით, მისთვის მნიშვნელოვანია არა სპორტული, არამედ პოლიტიკური კლასი.
“მე და მამუკა ცაზარაძე ბავშვებს შევხვდით, მოვეფერეთ და ბავშვებმა ფოტოები გადაიღეს ჩვენთან ერთად, უბრალოდ როგორც ხდება, რამდენჯერმე აკენწლეს. საერთოდ არ გამხსენებია არც ბატონი კალაძე, არავინ. როგორც ხდება, სიტუაციურად. სიმართლე გითხრათ, ეს რაც გაუკეთებია ბატონ კალაძეს, ძალიან გამიკვირდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შეიძლება, მილანშიც იცხოვრო რამდენიმე წელი, სხვა ქალაქებშიც ევროპულში იცხოვრო, მაგრამ მაინც ის დარჩე, რაც ხარ.
წარმოუდგენელია, რატომ ჰქონდა ვინმეს მოლოდინი, რომ მე ვეჯიბრები კალაძეს აკენწვლაში? კი ბატონო, თუ დამიწუნა მან მე სპორტული კლასი და საერთოდ არ ვეჯიბრები, არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ეს არის უმნიშვნელო, ჩემთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკური კლასი, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მე დავინახე ეს ადამიანი ძალიან პატარა”,– განაცხადა მელიამ TV პირველის ეთერში.