შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – მოქალაქეებმა პეტიციაზე ხელმოწერები დაიწყეს

შემცირდეს ჩინოვნიკების ხელფასები – ვრცელდება პეტიცია, სადაც  მოქალაქეები მოითხოვენ, რომ უახლოესი 6 თვის მანძილზე, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მათ შორის ხელისუფლების წევრების, მათი მოადგილეების, პიარების და ა.შ. მაქსიმალური ხელფასი, იყოს არაუმეტეს, 1150 ლარი. პეტიცია მას შემდეგ გაჩნდა, რაც ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ამ მოთხოვნასთან დაკავშირებით სტატუსი დაწერა.

“მინიმუმ შემდგომი 6 თვის განმავლობაში ცენტრალური (სახელმწიფო) ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუროკრატიის, სახელმწიფო სტრუქტურებში, სსიპ–ებში,ა(ა)იპ–ებში, საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული  ადამიანების (გარდა პედაგოგებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისა, საზოგადოებრივი წესრიგის დამცველებისა,  ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების დაცვის სფეროში დასაქმებული ადამიანებისა), მაქსიმალური ხელფასი განისაზღვროს არაუმეტეს დაქირავებით დასაქმებულთა თვიური საშუალო ხელფასის ოდენობით, რომელმაც საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით 2020 წლის მეორე კვარტალში შეადგინა 1 150 ლარი.”- ნათქვამია პეტიციაში.

გუშინ, 26 ნოემბერს, ტელეკომპანია “კავკასიის” დირექტორმა ნინო ჯანგირაშვილმა ქვეყანაში დაწესებულ ახალ შეზღუდვებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა და ინიციატივით გამოვიდა, რომ საჯარო მოხელეების ხელფასი მომდევნო 6 თვის განმავლობაში შეადგენდეს 1000 ლარს. ნინო ჯანგირაშვილის თქმით, თუ ხელისუფლება თვლის, რომ უმუშევრად დარჩენილმა ადამიანმა შეიძლება იარსებოს 200 ლარით, მრავალშვილიანმა ოჯახმა 100 ლარიანი შემწეობებით, გაჩერებულმა ბიზნესმა შეიძლება მაინც იხადოს გადასახადები და გადარჩეს, რატომ არ შეიძლება საბიუჯეტო ორგანიზაციებში ხელფასი შეიზღუდოს და გადახდილი გადასახადები დაიზოგოს?  მის ინიციატივას დიდი გამოხმაურება მოჰყვა როგორც სოციალურ ქსელში ასევე ოპოზიციის მხრიდან

შეგახსენებთ ხელისუფლებამ ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც ქვეყანაში 28 ნოემბრიდან ამოქმედდება