“შესაძლოა, არ დაჯარიმდეს ადამიანი, რომელსაც ჯანმრთელობის გამო პირბადის ტარება არ შეუძლია “- ეს განცხადება იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა.
“რა თქმა უნდა, ადამიანს, რომელსაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ ძალუძს პირბადის ტარება, ან პირბადის ტარებამ შეიძლება გამოიწვიოს სუნთქვის უკმარისობა, თუ ჯანმრთელობის სხვა რაიმე გართულებები, აქ სამართალი ტოვებს სივრცეს იმისათვის, რომ ასეთი პირი არ დაჯარიმდეს. ჩვენ ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად გაიწეროს და დარეგულირდეს ეს საკითხები. ამიტომ, ეს არავის უნდა დააწყვეს მძიმე ტვირთად და გათვალისწინებული უნდა იყოს ისეთი შესაძლებლობა, რომ თუ დამატებითი საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში უნდა იყოს სხვა ისეთი ტიპის რეგულაცია, რომ ერთი მხრივ, არც დაჯარიმდეს მოქალაქე და მეორე მხრივ, არ შეეზღუდოს არც მიმოსვლის თავისუფლება და არც შესაბამისი სერვისით სარგებლობის შესაძლებლობა”, – განაცხადა ოხანაშვილმა.