რუსმა სამხედროებმა სარაკეტო შეტევა მიიტანეს პოლტავის ოლქში სამოქალაქო ობიექტზე, არიან დაშავებულები. ამის შესახებ ტელეგრამ არხზე პოლტავის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსი, დმიტრი ლუნინი წერს.
პოლიტოლოგი და ჟურნალისტი იური რომანენკო ამბობს, რომ რუსული რაკეტა კრემენჩუგში ადგილობრივ სავაჭრო ცენტრ “Амстор“-ს მოხვდა. ტელეგრამ არხებზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ რაკეტა საცხოვრებელ კომპლექსს მოხვდა.
“სავარაუდოდ ეს არის ყველაზე დიდი ტრაგედია ომის დაწყების შემდეგ“– წერენ ტელეგრამ არხებზე, სადაც იუწყებიან, რომ რაკეტები დიდი რაოდენობით ხალხის თავშეყრის ადგილებში ჩამოვარდა.
მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ახლა ერთადერთი იმედი ექიმები და მაშველები არიან. ხალხი რუსებს ტერორისტებს უწოდებს. თვითმხილველები ხვდებიან, რომ სავაჭრო ცენტრთან, სადაც რაკეტა ჩამოვარდა, ბევრი სასწრაფო დახმარების მანქანაა თავმოყრილი. შენობაში ძლიერი ხანძარი დაიწყო.
ტელეგრამ არხებზე უკვე ვრცელდება ხანძრის ამსახველი უმძიმესი კადრები.
ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რაკეტის მოხვედრის მომენტისვის სავაჭრო ცენტრში 1000–ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.