NATO-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, უკრაინაში ომი შესაძლოა წლების განმავლობაში გაგრძელდეს, ალიანსი კი მზად არის მთელი ამ პერიოდის განმავლობაში უკრაინას მხარი დაუჭიროს.
ეს განცხადება სტოლტენბერგმა მას შემდეგ გააკეთა, რაც კრემლმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ უკრაინისთვის და სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდებით ისინი ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან და იწვევენ არასტაბილურობას.
„ჩვენ უნდა ვიყოთ მზად გრძელვადიან პერსპექტივაში. არსებობს აბსოლუტური შესაძლებლობა, რომ ეს ომი გაგრძელდეს თვეებისა და წლების განმავლობაში”,– თქვა მან Reuters-ის ცნობით.
სტოლტენბერგის განცხადებით, დასავლეთი გააგრძელებს მაქსიმალურ ზეწოლას რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რათა მან შეწყვიტოს შეჭრა უკრაინაში, რომელსაც ის “სპეციალურ სამხედრო ოპერაციას” უწოდებს.
„ნატოს მოკავშირეები ემზადებიან დიდი ხნის განმავლობაში მხარდაჭერისთვის და ასევე, უკრაინის დახმარებისთვის ტრანზიტში, რათა ის ძველი საბჭოთა პერიოდის აღჭურვილობიდან გადავიდნენ NATO-ს სტანდარტების უფრო თანამედროვე იარაღზე და სისტემებზე, რაც ასევე მოითხოვს მეტ წვრთნას“,– აღნიშნა სტოლტენბერგმა.