“შესაძლოა, საზღვრის გახსნის შემთხვევაში, შემოსავალი არ გაგეზარდოთ და შეგიმცირდეთ”- ეს განცხადება ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა “იმედის” ეთერში გააკეთა და მეწარმეები ეკონომიკის მოსალოდნელ კლებაზე გააფრთხილა.
“მინდა ყველა ქართველ მეწარმეს ვუთხრა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ გახსნის შემთხვევაში მას მოემატება შემოსავლები, ცდებიან იმიტომ, რომ გახსნის შემთხვევაში, იქნება ძალიან მცირედი ნაკადი ტურისტების. ეს საკმარისი იქნება კოვიდის გასავრცელებლად, მაგრამ არასაკმარისი ეკონომიკისთვის, რამე მატერიალური სიკეთე რომ მოიტანოს. ჩვენ დღეს გვაქვს სერიოზული პრობლემა ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა მინუსდება, როგორც მთელ მსოფლიოში. სავარაუდოდ, -6%-ზე ავა, მაგრამ უკონტროლო გახსნის შემთხვევაში -7%, -8% იქნება, ჩვენ დათვლილი გვაქვს.
შეიძლება ეს არ იყოს დიდი გავრცელება და ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით კატასტროფა, შეიძლება ჩვენმა ჯანდაცვამაც გაუძლოს და სიკვდილიანობაც დაბალი იყოს, მაგრამ ის, რომ თითო-ოროლა შემთხვევა იქნება აჭარაში, კახეთში ან სხვაგან, ქართული შიდა ტურიზმის სენტიმენტებსაც ისე დააქვეითებს, როგორც ეს არის მსოფლიოში დაქვეითებული.
ეს ნიშნავს სინამდვილეში რას შიდა მეწარმისთვის, ვისაც აქვს რესტორანი, კაფე, პატარა საასტუმრო რეგიონში და ა.შ.? ეს ნიშნავს იმას, დღეს რა შემოსავალიც აქვთ, რამდენი კლიენტიც და სტუმარიც შედის, შეიძლება, იმაზედ ნაკლები მიიღონ. უყურეთ რა პარადოქსია. შეიძლება ვინმე შეგვედავოს, რომ კონტრინტუიტიურია ეს ყველაფერი, მაგრამ სამწუხაროდ ასეა.”- განაცხადა მაჭავარიანმა.