შეტევით ოპერაციაზე რუსი გენერლები ვერ თანხმდებიან, ეშინიათ – ბუდანოვი

თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელმა, კირილ ბუდანოვმა განაცხადა, რომ რუს გენერლებს შორის შეტევითი ოპერაციების შესახებ შეთანხმება არ არსებობს, რადგან მათ ბრძოლის ველზე სიკვდილის ეშინიათ.

“ფაქტობრივად, რუსები მათთვის გადამწყვეტი ბრძოლისთვის ემზადებიან. ძალიან ჩქარობენ, რადგან დროში ძალიან შეზღუდულები არიან. სურთ, აჩვენონ, თუ როგორ “იგებს” რუსეთი გარკვეულწილად ამ “სპეციალურ ოპერაციაში”, ისინი ჩქარობენ აღდგომამდე.

ოღონდ გეტყვით, რომ არ გამოუვათ, ვერსად წავლენ და უკრაინა დაცული იქნება. შესაძლებელია გარკვეული ტაქტიკური გამარჯვებები, ჩვენს ქვეყანაში ზოგიერთი დასახლება დღეში ორ-სამჯერ გადადის ხელიდან ხელში.

რუს გენერლებს არ აქვთ ერთობა ერთი მიზეზის გამო – ამ ეტაპზე დადასტურებულია, რომ 8 გენერალი დაიღუპა და ეს ფაქტორი ბევრ მათგანს ნამდვილად აშინებს”,– განაცხადა ბუდანოვმა და აღნიშნა, რომ რუს გენერლებსაც ეშინიათ რეპრესიებისაც წარუმატებლობის შემთხვევაში.

მანვე ისაუბრა მარიუპოლზეც და თქვა, რომ რუსების ქვედანაყოფების რაოდენობა იგივე რჩება და უკრაინის დაზვერვას არ აქვს მონაცემები ოკუპანტების ჯგუფის შემცირების შესახებ.

ბუდანოვისვე ცნობით, რუსებს მაღალი სიზუსტის მართვადი რაკეტები ამოეწურებათ, ამავდროულად, სანქციების გამო, ოკუპანტებს არ აქვთ შესაძლებლობა, დაიწყონ ასეთი რაკეტების წარმოება.