“შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება” – ამის შესახებ, საქართველოს ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, პარტია ”საქართველოსთვის” თავმჯდომარემ და თბილისში მერობის კანდიდატმა, გიორგი გახარიამ “ფორმულას” ეთერში ისაუბრა.
“გავრილოვის შემოსვლა, გავრილოვის სავარძელში ჩაჯდომა, გავრილოვთან ერთად ქეიფი და ბოკლების შეჭახუნება რომ შეცდომა იყო, ამაზე ვდავობთ? შსს-სთვის ეს იყო მხოლოდ ტექნიკური საკითხი, გავრილოვის შემოშვება-არშემოშვება, ან ამ ღონისძიების ჩატარება-არჩატარება იყო თავიდან ბოლომდე პოლიტიკური საკითხი. მე მაშინ შინაგან საქმეთა მინისტრი ვიყავი, პოლიტიკურმა ისთაბლიშმენთმა მიიღო ეს გადაწყვეტილება, ჩვენი ამოცანა იყო ამ გადაწყვეტილების შესრულება, რომელიც შევასრულეთ.
ჩვენ ბევრ რამეზე გამოვთქვით აზრი. იმ გავრილოვთან ერთად რამდენი ადამიანი მივაბრუნეთ უკან, ეგეც შეგიძლიათ ნახოთ. მათთან სამართლებრივი ინსტრუმენტი არსებობდა და ამიტომ, ჩვენ არავისგან პოლიტიკური გადაწყვეტილება არ გვჭირდებოდა, საზღვარი დავუკეტეთ და გათავდა. გავაბრუნეთ დელეგაციის წევრები, რომლებიც საერთოდ არავინ არ იცის, მაგრამ შეცდომა იყო ამ ღონისძიების საერთოდ ორგანიზება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების საქართველოში ჩატარება, შეცდომა იყო ამ ღონისძიების პარლამენტის შენობაში ჩატარება, რასაც შემდეგ მოჰყვა ყველაფერი ის, რაც მოჰყვა. ამის გამო პოლიტიკური ფასი გადაიხადა ყველამ, საბოლოოდ ქვეყანამ.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი აზრი გავრილოვის შემოშვება-არშემოშვების შესახებ მკვეთრად დააფიქსირა.ჩვენ გამოვთქვით აზრი, რომ ამ კაცის შემოსვლა იწვევდა მაღალ რისკებს. “- განაცხადა გახარიამ.
ცნობისთვის, 2019 წლის 20 ივნისის საქართველოს პარლამენტში, სასესიო დარბაზში, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე სესიის სხდომაზე,ასამბლეის პრეზიდენტი, სერგეი გავრილოვი, პარლამენტში ირაკლი კობახიძის სავარძელში ჩაჯდა და რუსულ ენაზე წაიყვანა სხდომა.სწორედ ამ ფაქტმა გამოიწვია დეპუტატებისა და მოქალაქეების პროტესტი. მოქალაქეებმა იმავე დღეს, 19:00 საათზე საქართველოს პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია გამართეს, რომელიც მოგვიანებით, პოლიციამ და სპეცრაზმმა რეზინის ტყვიებით, გაზისა და წყლის ჭავლის საშუალებით დაარბია. მშვიდობიანი დემონსტრანტების დარბევის ბრძანება სწორედ გიორგი გახარიამ გასცა, რომელიც მაშინ შინაგან საქმეთა სამინისტროს მინისტრი იყო.