„შეხვედრები, რაც დავიწყე, ერთი მხრივ მიმართულია იმისკენ, რომ მიუნხენში მხოლოდ მე კი არ წავიდე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, არამედ ჩემთან ერთად წამოვიდეს საზოგადოება და მისი პრობლემები ყველა კუთხით, რაც ქვეყანაშია. ამავე დროს, ჩემი სურვილია, რომ პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის ირგვლივ, რომელიც შემცირებული, შემჭიდროებულია, შედგეს სხვადასხვა სეგმენტის პლატფორმები, რომლებიც ჩვენთან ერთად იმუშავებენ. ამ მიზნით შევხვდი დიპლომატებს და ერთგვარი დიპლომატიური კლუბი შევქმენით. დღეს მედია მენეჯერებთან მქონდა მნიშვნელოვანია შეხვედრა, რომ ერთად ვნახოთ, რა შეიძლება გაკეთდეს, რათა ქართული მედია გაძლიერდეს იმ მდგომარეობასა და მომენტში, როდესაც მასზე ძალიან დიდი წნეხია, რადგან ყველა დიქტატურული რეჟიმის სამიზნე, რომელიც ცდილობს, რომ გამყარდეს, საზოგადოება და მედიაა. სიტყვის თავისუფლება, არის საზოგადოებაში უპირველესად, მაგრამ დაცული უნდა იყოს მედიის მიერ. ამიტომ, მათ გზავნილებს წავიღებ მიუნხენში, მაგრამ ეს ამით არ მთავრდება. გვექნება რეგულარული შეხვედრები და მზია ამაღლობელი ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება, რადგან ის გახდა სიმბოლო სიტყვის თავისუფლების, წნეხის, რომელიც უპირველესად, რეგიონულ მედიაზე ვრცელდება. ალბათ, რუსული რეჟიმი თვლის, რომ რეგიონული მედია უფრო სუსტია და შეუძლია, იქ დაამყაროს თავისი გავლენა. ეს ასე არ იქნება. ჩვენ ერთად ვიქნებით და როგორც შევძლებ და სადაც შევძლებ, ყველას დავიცავ“,
ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მედია მენეჯერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.