გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი, ლაშა სუხიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროში, შოვის სტიქიის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს. გამოკითხვაზე გამომძიებლის მიერ დასმული ყველა შეკითხვა სეისმოლოგიურ საკითხებს ეხებოდა, რომლის სპეციალისტიც ლაშა სუხიშვილი არ არის. მისი აზრით ეს კითხვისნიშანს აჩენს აღნიშნულ გამოკითხვასთან დაკავშირებით.
“ერთი კვირის წინ ჩვენ გამოვაქვეყნეთ შოვის კვლევის ახალი მასალები და ორშაბათს დამიკავშირდა შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით გამომძიებელი, რომელმაც მითხრა, რომ იყო გასაუბრება საჭირო და ამ მასალების საგამოძიებო პროცესში ჩართვა, რაც ცხადია, ასეც უნდა იყოს. საუბარში გამოკვეთა, რომ მათ აინტერესებთ სეისმური მონაცემები, რაზეც ვუთხარი, რომ არ ვარ სეისმოლოგი და თეა გოდოლაძე მეტად კომპეტენტურ პასუხებს გასცემდა. ამაზე მივიღე პასუხი, რომ ეს არის მასალების საქმეში ჩართვის პროცედურა და ამაში განსაკუთრებული არაფერი არ არის.[…] დღეს მივედი საგამოძიებო სამსახურში და თითქმის ყველა კითხვა შეეხება სეისმოლოგიას, რისი სპეციალისტიც მე არ ვარ. მე სხვა სპეციალობის წარმომადგენელი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ ყოველ ჯერზე ამას ვაფიქსირებდი, კითხვები შეეხებოდა სეისმოლოგიას. ვერ მივხვდი, მე რატომ მეკითხებოდა გამომძიებელი ისეთ საკითხებს, რომელშიც კომპეტენტური არ ვარ. ეს არის მთავარი კითხვის ნიშანი”. – თქვა ლაშა სუხიშვილმა ტვ პირველთან საუბრისას.
.