შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველების მიერ, რაჭაში, მდინარე ჭანჭახის კალაპოტში, კიდევ ერთი ცხედარია ნაპოვნი.
შსს-ს ცნობით, ონის მუნიციპალიტეტში, სტიქიის ზონაში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.
უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის სტიქიის ზონაში აღმოჩენილია 32 ცხედარი და მიმდინარეობს 1 პირის ძებნა.
ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ყველა შესაბამისი დანაყოფი, ასევე მძიმე ტექნიკა, დრონები, მცურავი საშუალებები და კინოლოგთა ჯგუფი.
ბოლო მონაცემებით, დაკარგულად ითვლებოდნენ სტიქიის დროს დაღუპული ზაზა მესხის ოჯახის წევრები – ორი არასრულწლოვანი, რომელთაგან ერთი მოზარდი მისი მეუღლის, ასევე სტიქიის დროს დაღუპული ალინა პოლიკოვსკას შვილია, ხოლო მეორე მოზარდი – ზაზა მესხის შვილი პირველი ქორწინებიდან. ზაზა მესხი და მისი კიდევ ერთი შვილი პირველი ქორწინებიდან შაბათს დაკრძალეს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, უკრაინის მოქალაქე, ალინა პოლიკოვსკა, რომლის ცხედარიც სტიქიის შემდეგ მალევე აღმოაჩინეს, ჯერ არ არის დაკრძალული.
ზაზა მესხი და მისი მეუღლე, ბავშვებთან ერთად, რაჭაში, უწერაში ისვენებდნენ, საიდანაც ისინი, 3 აგვისტოს, შოვის დასათვალიერებლად გაემგზავრნენ. ოჯახი ჰოლანდიაში ცხოვრობდა და საქართველოში დასასვენებლად იყო ჩამოსული.