23 წლის გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის შეხვედრა მთავარ პროკურორთან რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ბაჩალიაშვილის დედის, თეონა თამაზაშვილის თქმით, მთავარი პროკურორი ოჯახს დაპირდა, რომ საქმეში ნებისმიერ ექსპერიტზაზე ფედერალური ბიურო აუცილებლად ჩაერთვება, ამიტომ ჯერჯერობით შიმშილობისგან თავს შეიკავებს.
“ჯერჯერობით არ ვაპირებ [შიმშილობას], რადგან შემხვდა შოთაძე და შემპირდა, რომ FBI–ს ჩართულობა იქნება, ობიექტურად იქნება გამოძიებული და ვინც არ უნდა იყოს, არავის ხელს არ დააფარებენ და ყველას გამოოაშკარავებენ. მივიღე დაპირება, რომ ნებმისიერ ექსპერტიზაზე, რასაც მოვითხოვ, FBI აუცილებლად იქნება ჩართული”,– ამბობს თამაზაშვილი.
ის შსს–ს მიერ ექსპერტიზის დასკვნაც ეხმიანება, რომელმაც, სამინისტროს მტკიცებით, დაადგინა, რომ ფურცელზე ჩანაწერი “ანაბარზე თანხაა, გამოიყენეთ” თამარ ბაჩალიაშვილს ეკუთვნის. თამარის დედის თქმით, სავარაუდოდ ეს ტექსტი იძულებით დააწერინეს.
“წერილი სავარაუდოდ იმათ დააწერინეს, იმიტომ რომ ეს ძალიან მზაკვრული გეგმა იყო და ყველაფერი ერთ და ორ დღეში არ კეთდებოდა, თვეების განმავლობაში იგეგმებოდა. შესაბამისად, ისიც იყო გამოვკლეული, ჩემს შვილს ანგარიშზე ჰქონდა თუ არა თანხა და დააწერინეს, რომ “გამოიყენეთ თანხა”.