შოლცი უკრაინისთვის ტანკების გადაცემას აჭიანურებს – Politico

Politico-ს ინფორმაციით, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი აჭიანურებს უკრიანისთვის ტანკების მიწოდებას, მიუხედავად სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირების ზეწოლისა. ამის შესახებ მედია ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით იუწყება. 

გამოცემის ცნობით, გეგმა, რომელიც წამოაყენეს ვიცე-კანცლერმა და ეკონომიკის მინისტრმა რობერტ ჰაბეკმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა ანნალენა ბურბოკმა, დაახლოებით 100 ტანკს ითვალისწინებს.

Politico იუწყება, რომ თავდაპირველად, ამ საკითხზე გადაწყვეტილება ამ კვირაში იყო მოსალოდნელი, მაგრამ ახლა შოლცი ამტკიცებს, რომ გერმანიამ ჯერ უნდა მიაღწიოს საერთო პოზიციას დასავლელ მოკავშირეებთან ამ საკითხთან დაკავშირებით, სანამ ასეთ მძიმე სამხედრო აღჭურვილობას მიაწვდის უკრაინას.

შოლცმა თქვა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია ამ საკითხზე ევროკავშირისა და ნატოს პარტნიორებს შორის კოორდინაცია, რათა არავინ იჩქაროს, მათ შორის გერმანიამაც.

ცნობისთვის, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა 6 და 7 აპრილს განიხილეს უკრაინის სამხედრო მხარდაჭერა, მაგრამ ტანკების მიწოდებასთან დაკავშირებით დეტალები არ წარმოუდგენიათ.

უკრაინისა და მისი პარტნიორების სადაზვერვო ინფორმაციით, რუსეთი გეგმავს დონბასზე დიდი შეტევის განხორციელებას უახლოეს კვირებში.

NATO-ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინმა არ მიატოვა უკრაინის კონტროლის გეგმა და ძირითადი ძალები აღმოსავლეთში გადაიყვანა დონბასის დასაპყრობად, სადაც ელოდებიან “დიდ ბრძოლას, რუსეთის დიდ შეტევას“.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტის თქმით, “დონბასისთვის ბრძოლა მეორე მსოფლიო ომს მოგაგონებთ“.