“შორენა თეთრუაშვილი სამიზნედ ჰყავდათ და არა მარტო თეთრუაშვილი…“–სოსო გოგაშვილი პატრიარქის დაცვის უფროსზე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა უთხრა, რომ პატრიარქის მდივან–რეფერანტს,  შორენა თეთრუაშვილს ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ჰყავდა შეფარებული და უნდა დაეჭირათ.

როგორც გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში განაცხადა, ოხანაშვილს უარი უთხრა, რადგან „შორენა თეთრუაშვილი უდანაშაულო იყო“.

გოგაშვილის განმარტებით, ეთნიკურად ქართველი ორი ადამიანი საპატრიარქოს კუთვნილ სახლში შორენა თეთრუაშვილის დახმარებით ნამდვილად ცხოვრობდა, თუმცა მხოლოდ მანამდე, სანამ ცნობილი გახდებოდა, რომ ისინი ტერორისტული ორგანიზაციის წევრები იყვნენ.

„მითხრა, რომ შორენა თეთრუაშვილს შეფარებული ჰყავს ორი ტერორისტი – ამაზე საქმე უნდა აღიძრას და ის დაიჭირეთ. ამას დაჟინებით ითხოვდა. მე მას ავუხსენი, რომ ეს ასე მარტივი არაა. თურქეთში ერდოღანის მთავარობამ რამდენიმე ორგანიზაცია აღიარა ტერორისტულ ორგანიზაციად. იყო ორი ადამიანი იყო, ეთნიკური ქართველები, ლაზები. ესენი იყვნენ ერთ-ერთი იმ ორგანიზაციის წევრები, რომელიც ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარეს. მათ ამის შემდეგ დატოვეს ქვეყანა და აქ ეძებდნენ თავშესაფარს. ეს ორი ადამიანი ჩამოვიდა, რომელთაც რეკომენდაცია გაუწიეს, რომ იურისტი სჭირდებოდათ. ამავდროულად თურქეთში ამ ორგანიზაციებსა და მის წევრებზე საქმის წარმოება მიმდინარეობდა. მათ საზღვარი ოფიციალურად ჰქონდათ გადმოკვეთილი და რადგან თურქებმა ნახეს, რომ ცხოვრობდნენ ერთ-ერთ სახლში, რომელიც იყო საპატრიარქოს ბალანსზე. შორენას სთხოვეს, რომ ცოტა ხნით გაჩერდებოდნენ“,- განაცხადა გოგაშვილმა.

მისივე თქმით, სოსო ოხანაშვილის ინფორმაცია აბსურდი იყო და თხოვნაზე სუს-ის უარის შემდეგ მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამასთან, გოგაშვილის ინფორმაციით, გარკვეულ ჯგუფს საპატრიარქოში როგორც შორენა თეთრუაშვილი, ასევე მეუფეები სამიზნეებად ჰყავდა.

„მე მას ავუხსენი, რომ არ შეიძლება „შევკეროთ“ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტზე და დავიჭიროთ, როდესაც ის უდანაშაულოა. არ შეიძლება მას ინფორმაცია ჰქონოდა. ჩვენ ეს საკითხი პროკურატურასთან ერთად გავიარეთ და აბსურდი იყო. სამსახურები გახდებოდა სასაცილო, თუ ამას გააკეთებდნენ. პლუს ამას, ეკლესიის პირდაპირი დისკრედიტაცია იყო, შეიძლება სამასახურებს რაღაც თემების „შეკერვა“ ეხერხებოდეს, მაგრამ ვისზე „კერავ საქმეს“, უდანაშაულო და პატრიარქის უერთგულეს ადამიანზე? განაწყენდა სოსო, რომ ეს ასე გავაკეთეთ. ამ უარის შემდეგ ურთიერთობა გაწყვიტა. ეს საქმე დამთავრდა, ამ ორი ადამიანის ექსტრადირება მოხდა, გადავეცით თურქეთს. პირადად მასთან ურთიერთობა აღარ მქონდა. ტელეფონზე ვეცადე და ვერ დავუკავშირდი მას შემდეგ. სავარაუდოდ, დამბლოკა. მერე ისევ მოხსნა ბლოკი, იმიტომ, რომ შევუთვალე, რომ სისულელეს აკეთებდა. ემოციური ადამიანია, ზოგადად, და ამ ემოციებში გაეხვა იმიტომ, რომ ჩვენი სამსახურისგან ასეთ დამოუკიდებულებას არ მოელოდა. რაღაც პერიოდი ურთიერთობა გაწყვიტა, გაიბუტა. შორენა თეთრუაშვილი სამიზნედ ჰყავდათ და არა მარტო თეთრუაშვილი, არამედ მეუფეები, ქორეპისკოპოსები. მათ ჰქონდათ ძალიან დიდი გავლენა საპატრიარქოში, შემდეგ ამ ჯგუფმა დაიწყო მოქმედებები, როგორც შორენას, ისე მეუფეების წინააღმდეგ. ჰქონდათ შექმნილი მითები, თითქოს შორენა პედესტალზე იდგა და მეუფეებს მითითებებს აძლევდა“,- განაცხადა გოგაშვილმა.