შრომის ინსპექციამ ბათუმში დააჯარიმა რესტორანი, სადაც 10-ზე მეტი პირი იყო შეკრებილი

შრომის ინსპექციამ ბათუმში, კობალაძის ქუჩაზე მდებარე რესტორანი დააჯარიმა. უწყების ცნობით, დახურულ სივრცეში სოციალური ღონისძიება მიმდინარეობდა და 10–ზე მეტი კაცი იყო შეკრებული, რაც საქართველოს მთავრობის #322-ე დადგენილებით აკრძალულია.

„შ.პ.ს-ს მიმართ გამოყენებულ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული სანქცია და ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით. რეკომენდაციების აღსრულებასთან დაკავშირებით მონიტორინგს შრომის ინსპექცია უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს და ეპიდემიოლოგიური სურათის გაუმჯობესების მიზნით, რეკომენდაციების დაცვისკენ საზოგადოებას კიდევ ერთხელ მოუწოდებს“,- აცხადებს შრომის ინსპექცია.