შსს-მ დაცულ ბაზაში მოქალაქის მონაცემების უკანონოდ მოძიების გამო თანამშრომლები დაითხოვა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაცულ ბაზაში მოქალაქის მონაცემების უკანონოდ მოძიების გამო თანამშრომლები დაითხოვა.

“სამინისტროს გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა, სამსახურებრივი შემოწმების შედეგად, დასკვნის საფუძველზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის სამმართველოს ორი უბნის ინსპექტორი და ფოთის საქალაქო განყოფილების პატრულ-ინსპექტორი სამსახურიდან დაითხოვეს.

დადგინდა, რომ აღნიშნული პირები, მოქალაქის შესახებ ინფორმაციის უკანონოდ მოძიების მიზნით, ერთმანეთს დაუკავშირდნენ, ხოლო ერთ-ერთი მათგანი თავისი კუთვნილი გენერირების მოწყობილობა “დიჯიპასის” მეშვეობით სამინისტროს დაცულ კომპიუტერულ ბაზაში შევიდა და კონკრეტული მოქალაქის შესახებ ინფორმაცია მოიძია.

პოლიციის თანამშრომელმა მოპოვებული პერსონალური ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს გადასცა. აღნიშნული ინფორმაცია მოგვიანებით ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავრცელდა.

გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე, აღნიშნული პირები დათხოვნილი არიან სამსახურიდან”, – ვკითხულობთ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.