შსს-მ თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ კარანტინის მოთხოვნების აღსრულების და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოაწყო.

უწყების ცნობით, ადგილზე მოქალაქეების თერმოსკრინინგი მიმდინარეობს .

,,შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, დეტალურად აუხსნის საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან”,- წერია შსს-ს განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის დარღვევა ფიზიკური პირისთვის 3000 ლარით ისჯება, ხოლო იურიდიული პირისთვის – 15 000 ლარით. განმეორებით დარღვევა სისხლის სამართლი დანაშაულია და 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.