შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მოსალოდნელი დატბორვის გამო, რიონის ხეობაში, ნამახვანში აქციის მონაწილეების კარვებს გაიტანს.
“გარემოს ეროვნული სააგენტოს ოფიციალური ჰიდროლოგიური მონაცემებით, მდინარე რიონის წყლის დონე ამ ეტაპზე აღემატება სასიგნალო ნიშნულს და არსებული ამინდის პროგნოზის გათვალისწინებით, მოსალოდნელია წყლის დონის განსაკუთრებული მატება, რამაც შესაძლოა მდინარის კალაპოტიდან გადმოსვლა და მიმდებარე ტერიტორიების დატბორვა გამოიწვიოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საფრთხის თავიდან აცილების და აქციის მონაწილეთა, სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით “პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლის მე-2-ე პუნქტის თანახმად მიიღო გადაწყვეტილება საფრთხის შემცველი ზონიდან კარვების გატანისა და ადგილზე მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილას გადაყვანის შესახებ”,– აცხადებს უწყება. ის მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, “პოლიციის კანონიერ მოთხოვნას დაემორჩილონ”
“ფაქტი სახეზეა, ცდილობენ ბოლომდე გადაუარონ ჩვენს ღირსებას. ამ ქმედებებით ამას გვეუბნებიან, რომ არ გითვალისწინებთ, არ გვაინტერესებს თქვენი აზრი”- ასე აფასებს რიონის ხეობის მცველი ვარლამ გოლეთიანი შსს–ს გადაწყვეტილებას.