აშშ–ს ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სარკასტულად გამოეხმაურა პუტინის გადაწყვეტილებას უკრაინის აღმოსავლეთში მდებარე თვითაღიარებული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, ასევე გააკრიტიკა მისი მემკვიდრე, ჯო ბაიდენი, რომლის ქმედებებს უკრაინასთან მიმართებაში კატასტროფული უწოდა.
რადიოინტერვიუს დროს ტრამპს კითხეს მისი აზრი აშშ–ს ამჟამინდელი პრეზიდენტის რეაქციის შესახებ რუსეთის მიერ უკრაინის აღმოსავლეთში ჯარების შეყვანასთან დაკავშირებით.
“შევდივარ გუშინ ოთახში, ტელევიზორია ჩართული და ვამბობ: ეს გენიალურია– პუტინი უკრაინის დიდ ნაჭერს დამოუკიდებლად აცხადებს! ო, ეს უბრალოდ შესანიშნავია“– ყვება ტრამპი.
“აი, შემდეგ კი პუტინი ამბობს: ის დამოუკიდებელია–უკრაინის მნიშვნელოვან ნაწილზე. ვთქვი – რა ოსტატურია! და ის აპირებს შევიდეს და მშვიდობისმყოფელი გახდეს. აბა რა, ეს ხომ ყველაზე ძლიერი სამშვიდობო ძალაა… ჩვენც არ გვაწყენდა ასეთი ჩვენს სამხრეთ საზღვარზე“– განაგრძო ყოფილმა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, არასოდეს აქამდე ასეთი ზომის სამშვიდობო კონტიგენტი არ უნახავს: “იქ იმაზე მეტი ტანკია, ვიდრე მე ოდესმე მინახავს. და ისინი ასე აპირებენ მშვიდობის შენარჩუნებას – შესანიშნავია. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ? ეს ბიჭი (პუტინი) საკმაოდ უცნაურია. ძალიან, ძალიან კარგად ვიცნობ“
ტრამპმა გაიხსენა, რომ პუტინთან მისი ურთიერთობის დროს მიხვდა – მას ძალიან უნდოდა უკრაინის ხელში ჩაგდება, მაგრამ მან, ანუ ტრამპმა მას ამის უფლება არ მისცა. ტრამპის თქმით, მისი პრეზიდენტობის დროს მსგავსი სცენარის განვითარება წარმოუდგენელი იქნებოდა.
“ჩემს დროს ასეთი რამ არასოდეს მოხდებოდა. მე რომ ვყოფილიყავი პრეზიდენტის სავარძელში, ეს წარმოუდგენელი იქნებოდა. არასდროს მოხდებოდა“– თქვა აშშ–ს ყოფილმა პრეზიდენტმა.
“ესეიგი, ეს ბიჭი ამბობს: ვაპირებ უკრაინის დიდი ნაჭერი დამოუკიდებლად ვაღიარო. და ის იყენებს სიტყვას “დამოუკიდებელი“. ახლა შევდივართ და უნდა დავეხმაროთ მშვიდობის დამყარებაშიო. უნდა ვაღიაროთ, რომ საკმაოდ ეშმაკურია. და იცით როგორი იყო ბაიდენის რეაქცია? არ ყოფილა არანაირი რეაქცია! ამაზე ვერაფერი უპასუხეს. დასანანია, ძალიან დასანანი“– თქვა ტრამპმა.