ცდილობენ, ლექსოს სახელი წაბილწონ, ნარკომანი? ეს სახელი რატომ უნდა მისცე – ლაშქარავას დედა

TV პირველის გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავს დედა ეხმიანება შსს-ს “ექსპერტიზის შუალედური დასკვნის შედეგებს”, რომლითაც უწყება ირწმუნება, რომ ლაშქარავა შესაძლოა ზედოზირებით გარდაიცვალა.

“ცდილობენ, როგორმე ლექსოს სახელი წაბილწონ. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, თაიასთვის [შვილისთვის]? რატომ? ასე ცაში აყვანილი, ყველა გიჟდებოდა და რას, რომ მის შვილს ნარკომანი…

ჩემთვის ნარკომანზე უფრო საზიზღრობა არ არსებობს, ჩემ შვილს ეს სახელი რატომ უნდა მისცე. ნარკომანი? ეს სახელი? ჩემს შვილს რატომ?”– ამბობს ლაშქარავს დედა “მთავართან” საუბრისას.

ლაშქარავას დღეს დაკრძალავენ. მედიამენეჯერები, ჟურნალისტები და მოქალაქეები ლექსოს სახლიდან სასაფლამდე მსვლელობით მივლენ. გამოსვენება – იოსელიანის ქუჩა N37-დან, 15:00 საათზე იქნება.

ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.

მედიაკორპუსი და ოპოზიცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს ძალადობის წახალისების გამო. მათ ბოლო 2 დღეში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები გამართეს.