საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია სამუშაო ვიზიტით ვაშინგტონში იმყოფება. მან ის უკვე შეხვდა სენატისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსნებს.მისი თქმით, საერთაშორისო პარტნიორებს ეუბნება, რომ საქართველოს მათი მეტი მხარდაჭერა სჭირდება.
“ჩემი მთავარი თხოვნა და სათქმელი აქ არის ის, რომ ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი მხარდაჭერა, განსაკუთრებით მედიის წარმომადგენლებს, ადამიანის უფლებადამცველებს, დემოკრატიის დამცველ ორგანიზაციებსა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებს. იმისათვის, რომ ჩვენ შევძლოთ ჩვენი საქმის გაკეთება, ერთობლივად ხელი შევუწყოთ საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებას, რაც სამწუხაროდ, ჩემი მოსაზრებით, ბოლო წლებში არ მიდის იმ ტემპით და შეიძლება დემოკრატიის უკუსვლაზეც კი ვისაუბროთ”, – თქვა ნინო ლომჯარიამ.
მანვე აღნიშნა, რომ პარტნიორებთან ერთად განიხილა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებული ბოლო მოვლენები.
“აღვნიშნე – რომ არა მათი მხრიდან ასეთი ღია მხარდაჭერა სახალხო დამცველის პოზიციონირების, შეიძლება ძალიან რთულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით როგორც ქვეყანა და საზოგადოება”,– განაცხადა ომბუდსმენმა.