ჩეხეთი საქართველოს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნების სიაში შეიყვანს – ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავით ზალკალიანის განცხადებით, ჩეხეთთან შეთანხმება შედგა, რომ საქართველო ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად გამოცხადდეს. მისი თქმით, ჩეხი ტურისტები თვის ბოლოდან ან ივლისის პირველი რიცხვებიდან საქართველოში მოგზაურობას შეძლებენ.

„მე მქონდა ბოლო დღეების განმავლობაში სატელეფონო კომუნიკაცია ჩემს კოლეგებთან, კერძოდ ჩეხ კოლეგასთან, ასევე ისრაელის ახლადდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრთან, უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ამ ორ ქვეყანასთან მიღწეულია შეთანხმება,  საქართველო გამოცხადდეს ტურისტებისთვის უსაფრთხო ქვეყნად.

მე გუშინ მქონდა საუბარი ჩეხ კოლეგასთან. მან უკვე განაცხადა ოფიციალურად, რომ ინვისის ბოლოდან, ივლისის დასაწყისიდან საქართველო გაიხსნება ჩეხი ტურისტებისთვის. ასევე მსგავსი გადაწყვეტილება უკვე თითქმის მიღბულია ისრაელშიც. ველოდებით ოფიციალურად დადასტურებას თუ კონკრეტულად რა თარიღიდან იქნება ეს. ჩვენი ვარაუდით, ესეც მოხდება ივნისის მეორე ნახევრიდან“, – თქვა ზალკალიანმა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ მიმსოვლის აღდგენაზე საუბარია აღმოსავლეთ ევროპის რამდენიმე ქვეყანასთან. მათ შორის ბალტიის ქვეყნებსა და საბერძნეთთან.

„აქტიურ კომუნიკაციაში ვართ ჩვენს ბერძენ კოლეგებთან. მე მექნება უახლოეს დღეებში საუბარი ბერძენ კოლეგასთან და სავარაუდოდ, ეს მიმართულებაც იქნება გამოცხადებული როგორც უსაფრთხო და ტურისტებს ორივე მიმართულებით მოგაზაურობისთვის მიეცემათ საშუალება. ძალიან ინტენსიური კომუნიკაცია გვაქვს ასევე პოლონელ და ბალტიელ კოლეგებთან, მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ უახლოეს პერიოდში ყველა ეს მიმართულება გაიხსნება ქართველი ტურისტებისთვის და ასევე, ტურისტებისთვის ამ ქვეყნებიდან საქართველოს მიმართულებით,“, – განაცხადა ზალკალიანმა.