“ქვეყანაში ურთულესი პოლიტიკური კრიზისია შექმნილი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი პატიმრობაში უკვე 39-ე დღეა შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად არის დამძიმებული, რომ კონსილიუმმა ჯერ კიდევ 10 დღის წინ გასცა რეკომენდაცია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის შესახებ, მაგრამ ხელისუფლება ჯიუტად არ ასრულებს ამ რეკომენდაციას. პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, პატიმარი სააკაშვილის მდგომარეობა დღითიდღე უფრო კრიტიკული ხდება, ამასთან ერთად შიმშილობს დროას ლიდერი ელენე ხოშტარია, იგი იღებს მხოლოდ წყალს, უარს ამბობს გადასხმაზე და არ იღებს არანაირ მედიკამენტებს, ელენეს მოთხოვნა არის ერთადერთი, ხელისუფლებამ გადადგას კანონიერი ნაბიჯი, სააკაშვილი გადაიყვანოს მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც მისი ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნება დაცული. თუ ეს მოთხოვნა დაკმაყოფილდება, ელენე ხოშტარია შეწყვეტს შიმშილობას. ამასთან ერთად, ელენეს მიზანია, ხელისუფლებამ გამოიჩინოს გონიერება და საზოგადოება ააცილოს იმ უმწვავეს დაპირისპირებას საითკენაც მივექანებით, ისედაც უკიდურესად პოლარიზებულ გარემოში.
რაც შეეხება პარტია დროას, ჩვენ გადავდივართ საგანგებო მდგომარეობაში, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ყველა არაძალადობრივ აქციაში. როგორც კოალიციის წევრები, მივიღებთ კოალიციის შექმნაში აქტიურ მონაწილეობას, დავგეგმავთ კოალიციასთან ერთად სხვადასხვა საპროტესტო აქციებს, ასევე დროა ჩაატარებს ყოველდღიურად ან არაყოველდღიურად, მაგრამ ხშირად, საკუთარ აქციებს. გვინდა მივმართოთ, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს ეკატერინე ტიკარაძეს, დროა მან ხმა ამოიღოს, დაეხმაროს ექიმების რეკომენდაციის შესრულებას, გამოხატოს პირადი აზრი, შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით, წინააღმდეგ შემთხვევაში მას პირადად დაეკისრება პასუხისმგებლობა იმ ცინიზმზე, რასაც ბიძინა ივანიშვილის ქართული ოცნება სჩადის”
განაცხადა პარტია “დროას” წევრმა, ნინო გოგუაძემ ბრიფინგზე.