საქართველოს თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ევროპაში არის პრეცენდენტები, როცა ერთი პარტია ხელისუფლებაში სამჯერ, ოთხჯერ და მეტჯერ მოდის, ამიტომ “ქართულ ოცნებასაც” აქვს მმართველობის გაგრძელების ლეგიტიმური უფლება.
“ევროპის თანამედროვე დემოკრატიული სისტემები იცნობს არაერთ მაგალითს, იგივე გერმანია, ლუქსემბურგი და ა.შ. სადაც ჩვენ ვიხილეთ სამჯერ, ოთხჯერ და უფრო მეტჯერ ერთი და იგივე ხელისუფლების მმართველობა. ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ გვაქვს სრული ლეგიტიმური უფლება, რომ გავაგრძელოთ ქვეყნის მმართველობა, იმ დათქმით, რომ ჩვენ ხალხი გვაძლევს მანდატს და მხარდაჭერას”,– ამბობს ღარიბაშვილი იმედის ეთერში.
მისივე განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მმართველობა ერთადერთი გამონაკლისია ბოლო 30 წლის განმავლობაში, როცა “ქვეყანამ იხილა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა”.
“ამ რვა წლის განმავლობაში ქვეყანას არ განუცდია ისეთი ტრაგედია, როგორიც არის ომი, ტერიტორიების დაკარგვა. ვერცერთი ხელისუფლება, ვერცერთი მმართველი ვერ უნდა დარჩეს პოლიტკაში, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანს ისეთ დიდ განსაცდელს, როგორიც არის ომი და ტერიტორიების დაკარგვა. ამ ძალას, როგორიც არის ნაცმოძრაობა და სააკაშვილი, არ აქვს არავითარი მორალური უფლება, რომ, არათუ ჰქონდეს პრეტენზია ხელისუფლებაში დაბრუნების, არამედ ჰქონდეს პრეტენზია პოლიტიკაში დარჩენის. ჩვენ, ყველანი ერთად, მთელი ჩვენი გუნდი, ვიბრძოლებთ ბოლომდე, მანამ, სანამ ამ ძალას ქართველ ხალხთან ერთად არ გავიყვანთ პოლიტიკური ველიდან”,– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.