ჩვენ გვაქვს უპირატესობა იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი – თენგიზ ცერცვაძე

ჩვენ გვაქვს უპირატესობა ევროპის ქვეყნებთან – იტალიასთან, საფრანგეთთან, ბრიტანეთთან, თვით გერმანიასთანაც კი, რომელიც ევროპაში სამაგალითოდ ითვლება. ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია “იმედის” გადაცემა “ანატომიასთან” საუბრისას განაცხადა.

“ახლა ყველაფერი ჩვენზე, საზოგადოებაზეა დამოკიდებული. საზოგადოებამ როგორმე უნდა გამოიჩინოს ისეთი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და მაღალი თვითშეგნება, რომ ის, რასაც მას სთხოვდა საგანგებო ზომები და დღეს აღარ მოეთხოვებათ, მაინც შეასრულოს. მანქანების, ქალაქებს შორის მიმოსვლა განახლდა, მოიხსნება სხვა სერიოზული შეზღუდვებიც, გაიხსნება მაღაზიები, კაფე-ბარები, მაგრამ სამი ძირითადი მოთხოვნა მაინც უნდა შეასრულოს ყველა მოქალაქემ – არა ჯარიმის შიშით, არამედ – მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო. ეს მოთხოვნებია: სოციალური დისტანციის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და ხელების ხშირი დაბანა. ესაა სამი ყველაზე მარტივი ღონისძიება, რომელიც, შესაძლოა, საკმარისი აღმოჩნდეს ფართომასშტაბიანი ეპიდემიის თავიდან ასაცილებლად. ამის შესრულება არც ისე დიდი ტრაგედია არაა”, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.