ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობას! – ნიკა მელია

ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით მასობრივი შიმშილობა დაიწყება. მისი თქმით, თავადაც იშიმშილებს.

“მე მეგობრებთან, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად, ჩვენ ვიქნებით იმაზე მეტი, ვიდრე მავანს წარმოუდგენია, მიხეილ სააკაშვილის ტყვეობიდან გათავისუფლებისთვის ვიწყებთ საეტაპო ბრძოლას და დღეიდან ჩვენ ვაცხადებთ მასობრივ საპროტესტო შიმშილობის აქციას. ეს მძიმე გადაწყვეტილებაა, ეს კონსტიტუციური უფლებაა.

ამ მძიმე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მე შეიძლება ბევრ ადამიანს არ გამოვადგე რჩევის გასაცემად და ვერავის დავავალდებულებ, რომ გადადგას ეს მძიმე ნაბიჯი, მაგრამ აქვე დავძენ, რომ რაც უფრო მასობრივი იქნება, შედეგი იქნება უფრო მალე პოზიტიური. მთელმა მსოფლიომ უნდა დაინახოს, რომ არ ვეგუებით ქვეყნის მესამე პრეზიდენტის ტყვედ აყვანას”,– ამბობს ნიკა მელია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე.

მანვე აღნიშნა, რომ შიმშილობა გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე. მელია და ნაციონალური მოძრაობის სხვა მხარდამჭერები კახეთის გზატკეცილზე, ენმ-ს ოფისში იშიმშილებენ.