კიევის ოლქში სოფელი დემიდოვი უკვე მეორე თვეა დატბორილია მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მისმა მაცხოვრებლებმა რუსული არმიის წინსვლის შესაჩერებლად ახლომდებარე კაშხლის დამბა გახსნეს. ასეთმა ნაბიჯმა კიევი რუსული ტანკების შესვლისგან გადაარჩინა. სოფლის მაცხოვრებლები დარწმუნებულნი არიან, რომ ზარალი, რომელიც მათ მიიღეს სოფლის დატბორვის შედეგად, ნამდვილად ღირდა. ამ ისტორიას ვრცელი სტატია მიუძღვნა ამერიკულმა გამოცემა New York Times–მა და სოფლის ისტორია ფოტოებით გადმოსცა.
“კიევის ჩრდილოეთით, სოფელ დემიდოვში მისი მაცხოვრებლები ძლიერი წყალდიდობის შედეგებთან გამკლავებას ცდილობენ, რომელიც ჩვეულებრივ ვითარებაში უბედურებად იქცეოდა იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც თავს რუსეთი დაესხვა. თუმცა, ამ შემთხვევაში ეს ტაქტიკური გამარჯვება იყო“– ნათქვამია პუბლიკაციაში.
სოფელში 750 სახლიდან დაახლოებით 50 დატბორილია. თუმცა, მაცხოვრებლები არ წუწუნებენ. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ უკრაინელებმა განზრახ დატბორეს სოფელი უზარმაზარი მინდვრებით და გარშემო მდებარე ჭაობებით, რათა კიევისკენ მიმავალი რუსული არმიის მსვლელობა შეეჩერებინათ და უკრაინული არმიისთვის თავდაცვის მოსამზადებლად დრო მიეცათ.
“ყველას ესმის ეს და არავინ არცერთი წამით არ ნანობს. ჩვენ კიევი გადავარჩინეთ!“– ამბობს პენსიონერი ქალი ანტონინა კოსტუჩენკო, რომლის მისაღები ოთახი 30 სანტიმეტრამდე წყლით არის დაფარული, უკვე წყალმცენარეებიც გაჩნდა და კედლებს ხავსიც მოეკიდა.
“დემიდოვი დაიტბორა, როცა სამხედროებმა ახლომდებარე კაშხალი გახსნეს და წყალი სოფლის დასახლებას მოაწყდა. უკრაინის სხვა ადგილებში სამხედროები ყოყმანის გარეშე აფეთქებდნენ ხიდებს, ბომბავდნენ გზებს და მწყობრიდან გამოყავდათ სარკინიგზო გზები და აეროპორტები. მიზანი რუსების წინსვლის შეჩერება , მათთვის ხაფანგების მოწყობა და ტანკების კოლონების ისეთ ადგილებში განდევნა იყო, სადაც მათ ძალიან გაუჭირდებოდათ“–ნათქვამია მასალაში.
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრის მონაცემებით, ქვეყანაში ამ დროისთვის დანგრეულია 300-ზე მეტი ხიდი, აგრესიის პირველ დღეებში კი, როცა რუსულმა ჯარმა კიევთან საკვანძო აეროპორტის, ჰოსტომელის აღება სცადეს, უკრაინის ძალებმა ასაფრენი ბილიკი დაცხრილეს, რათა იქ რუსი მედესანტეების ჩამოსხმა შეუძლებელი გამხდარიყო. სამხედრო ექსპერტები ვარაუდობენ , რომ გამომწვარი მიწის ტაქტიკამ საკვანძო როლი ითამაშა ქვეყნის ჩრდილოეთით უკრაინელების მიერ აგრესორის შეჩერებაში.
უკრაინელი ჩინოვნიკების და ჯარისკაცების თქმით,დემიდოვთან დაკავშირებული ნაბიჯი განსაკუთრებით ეფექტური იყო, რადგან რუსეთის ჯავშანსატანკო კოლონები ფაქტიურად ტბაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით კი დამბა თავად რუსებმა დააზიანეს, რის შემდეგაც ტერიტორიის ამოშრობა გართულდა. წყალი ეფექტურ ბარიერს ქმნიდა ტანკებისთვის და დესანტს დამალვას აიძულებდა, წყალდიდობამ ასევე შეზღუდა მდინარე ირპენის გადალახვის პოტენციური პუნქტები.
“ბოლო ბოლო, რუსული ჯარი უამრავჯერ წარუმატებლად შეეცადა ამ მდინარის გადალახვას, პანტონის ხიდის გამოყენებით და უმძიმესი ჭაობიანი ადგილების გავლით, უკრიანული არტილერიის ცეცხლის ქვეშ“– წერენ მასალის ავტორები.
გარდა ამისა, წყალდიდობამ არა მხოლოდ კიევის, არამედ თავად დემიდოვის დაცვა გამოიწვია – რუსები სოფელში პატრულირებდნენ, თუმცა ეს სოფელი ვერა და ვერ იქცა ბრძოლების ფრონტის ხაზად და გადარჩა უკრაინის ჩრდილოეთით ოკუპირებული ქალაქების ბედს.
სოფლის თავის, ალექსანდრ მალნიჩენკოს თქმით, ოკუპაციის ერთი თვის მანძილზე რუსმა ჯარისკაცებმა დემიდოვში 6 ადამიანი დახვრიტეს. დაანგრიეს სახლები და მაღაზიები. ამის მიუხედავად, ამ დასახლებულ პუნქტში რუსი ჯარისკაცების ისეთი სიმხეცე არ დაფიქსირებულა, რაც ბუჩაში და კიევის ოლქის სხვა ადგილებში მოხდა.
დემიდოვის მაცხოვრებლები ახლა უკვე ცდილობენ წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციას.თუმცა ყველა შეგუებულია, რომ წელს მოსავალს ვერ მოიყვანენ და დატბორილი სახლების აღდგენასაც დიდი დრო უნდა.