უკრაინაში შეჭრა იყო რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისთვის დიდი მარცხი და უხსნის დასავლეთის სადაზვერვო სააგენტოებს უკმაყოფილო რუსების გადაბირების შესაძლებლობებს, ამბობს CIA-ს ოპერაციების დირექტორის მოადგილე დევიდ მარლოუ.
Wall Street Journal-ის თანახმად, მარლოუმ თავისი პირველი საჯარო გამოჩენა გასულ წელს თანამდებობის დაკავების შემდეგ სწორედ პოტენციური აგენტებისთვის შეთავაზების გასაკეთებლად გამოიყენა.
„პუტინი თავის საუკეთესო მდგომარეობაში იყო შეჭრის წინა დღეს, როდესაც მას ჯერ კიდევ ჰქონდა შესაძლებლობა ეიძულებინა უკრაინა, გავლენა მოეხდინა ნატოზე და ეჩვენებინა, რომ რუსეთი ძლიერი ძალაა“, – თქვა მარლოუმ ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტში გამოსვლისას. „მან ეს ყველაფერი გაფლანგა. ჩვენ მთელ მსოფლიოში ვეძებთ რუსებს, რომლებსაც ეს ისევე სძულთ, როგორც ჩვენ. იმიტომ, რომ ჩვენ ღია ვართ თანამშრომლობისთვის“.
CIA-ს დირექტორის უილიამ ბერნსის მიერ 2021 წლის ივნისში დანიშნული მარლოუ თავისუფლად ფლობს არაბულს და არაერთხელ ხელმძღვანელობდა სააგენტოს ოფისებს საზღვარგარეთ, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში და ასევე მუშაობდა ახლო აღმოსავლეთის განყოფილებაში CIA-ს შტაბ-ბინაში ლენგლიში, წერს WSJ.
მისი გამონათქვამები ეხმიანებოდა CIA-ს ყოფილი უფროსი ოფიცრების ბოლო განცხადებებს, რომ ბევრი რუსის უკმაყოფილება უკრაინაში თებერვლის შეჭრის გამო არის ნაყოფიერი საფუძველი სამხედროებს, ბიზნესმენებსა და მოსკოვის ქმედებებით უკმაყოფილო ქვეყნიდან გაქცეულებს შორის აგენტების გადასაბირებლად.
ბრიტანეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის MI6–ს ხელმძღვანელმაგასულ ზაფხულს განაცხადა, რომ დასავლეთ ევროპის მთავრობების მიერ ასობით შპიონაჟში ეჭვმიტანილი რუსი ჯაშუშის გაძევებამ სასტიკად შეზღუდა კრემლის სადაზვერვო ოპერაციები.
„დაახლოებით 400 რუსი დაზვერვის ოფიცერი, რომლებიც დიპლომატიური საფარის ქვეშ მუშაობდნენ, გააძევეს“, – თქვა რიჩარდ მურმა უსაფრთხოების ფორუმზე ასპენში ივლისში. „ჩვენ გვჯერა, რომ დიდ ბრიტანეთში ამან შესაძლოა გაანახევრა მათი საქმიანობისა და რუსეთისთვის ჯაშუშობის უნარი.“