ბათუმში ქართული ოცნების მერობის კანდიდატი, არჩილ ჩიქოვანი ირწმუნება, რომ არჩევნებში ღირსეულად გაიმარჯვა.
„ჩვენ ღირსეულად გავიმარჯვეთ, ძალიან მძიმე და სიძულვილის ენით გაჯერებული ორივე ტურის მიუხედავად, რაც ჩემ მიმართ ტალახის სროლით და „ფეიკ“ ნიუსებით იყო გაჯერებული. მინდა მადლობა გადავუხადო 77 000 ამომრჩეველს, რომლებიც არჩევნებზე მივიდა და ქვეყნის მომავალ განვითარებას ხმა მისცა. პრაქტიკულად დღეიდან ვაგრძელებთ იმ პროექტებს, რომლებიც წამოწყებული გვქონდა და დიდი მოლოდინით ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები. ჩვენი პროგრამული ხედვების რეალიზება დაიწყება”, – აცხადებს არჩილ ჩიქოვანი.
ის ასევე ირწმუნება, რომ არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იყო.
“ჩემო ბათუმელებო, მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას ნდობის გამოცხადებისა და მხარდაჭერისთვის. მერწმუნეთ, თქვენი ხმა ჩემთვის უდიდესი სტიმული და მოტივაციაა. თავისუფალი, დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარებამ შედეგი გამოიღო. ჩვენ გავიმარჯვეთ, ბათუმმა გაიმარჯვა და რაც მთავარია, აღარასოდეს დავბრუნდებით წარსულში.
ჩვენ ერთად ვიზრუნებთ ბათუმის უკეთესი მომავლისთვის და ერთად მივიყვანთ ევროპულ კეთილდღეობამდე. კიდევ ერთხელ მადლობა თითოეულ თქვენგანს მხარდაჭერისთვის”,– წერს ის Facebook-ზე.
ბათუმში დათვლილია ხმების 100%. შედეგი ასეთია:
- არჩილ ჩიქოვანი (ქართული ოცნება) – 51.02%
- გიორგი კირთაძე (ენმ) – 48.98%