ქართული ოცნების დეპუტატი ნინო წილოსანი ამბობს, რომ ქვეყანაში ვაქცინის შემოსატანად ყველაფერი კეთდება. მისი თქმით, უმრავლესობამაც “ძალიან კარგად იცის, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია”.
“ვაქცინაზე უნდა გითხრათ ძალიან ზედაპირული პასუხი, რადგან არ ვარ არც საკოორდინაციო საბჭოს წევრი, შესაბამისად, არც დარგობრივად ჯანდაცვის კომიტეტის წევრი. თუმცა მაქვს ინფორმაცია, რომ ყველაფერი კეთდება, რათა დროულად იქნას ვაქცინა შემოტანილი. ყველა ვხვდებით, რომ ვაქცინაციის დაწყება უმნიშვნელოვანესია, თუმცა, სამწუხაროდ, მთელი ამ დროის განმავლობაში ბევრი ადამიანი ეწეოდა ვაქცინაციის წინააღმდეგ ძალიან სკეპტიკური დამოკიდებულებების გაღვივებას და ახლა კი მოგვიწოდებენ, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია.
ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რომ ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. თუმცა ამავდროულად არის ის ობიექტური გარემოებები, რაზეც საკოორდინაციო საბჭოს წევრების საუბრობენ. იმედი მაქვს, რომ ახალი პრემიერის ხელმძღვანელობით დამატებითი ძალისხმევა იქნა ჩადებული ვაქცინის ქვეყანაში შემოსატანად და ეს ძალისხმევა რეალური შედეგით დასრულდება”,– ამბობს ნინო წილოსანი.
ცნობისთვის, ვაქცინაციის დაწყება საქართველოში რამდენიმე კვირით გადავადდა. კოვაქს პლატფორმის განმარტებით, თებერვალში ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს.
ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ კრიტერიუმები სრულ შესაბამისობაში იყო, ამიტომ კოვაქს პლატფორმას განმარტებას თხოვენ.