ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მდივანი, მამა დიმიტრი ვეკუა აცხადებს, რომ ესმის მთავრობის, თუმცა მისი გადასაწყვეტია, გაიკეთებს თუ არა კორონავირუსზე ტესტს.
სასულიერო პირი ამბობს, რომ მასობრივი ტესტირების შესახებ ინფორმაცია მისთვის სიახლეა.
,,ეს სიახლეა ჩვენთვის. ახალი ამბავია, პირველად გავიგეთ ამის შესახებ და პირველად გაჟღერდა საზოგადოებაში ფართოდ ეს ინფორმაცია. არ ვიცით, საერთოდ, რა სახის და რომელ ტესტებზეა საუბარი. მესმის, რომ მთავრობას სურს, ეს პროცესი კონტროლს დაუქვემდებაროს. აუცილებლად ვიმსჯელებთ ამის შესახებ და მივიღებთ გადაწყვეტილებას. ეს ჩვენი გადასაწყვეტია – გავიკეთებთ ამ ტესტირებას, თუ არ გავიკეთებთ,”- განაცხადა მამა დიმიტრიმ.
შეგახსენებთ, კორონავირუსის დიაგნოსტიკის ახალი ალგორითმის მიხედვით, რომელიც ჯანდაცვის მინისტრმა, უკვე დაამატკიცა, მაღალი რისკის მქონე სხვა პროფესიებთან ერთად ტესტირება საეკლესიო პირებსაც ჩაუტარდებათ.
მინისტრის ბრძანების მიხედვით, საეკლესიო პირებს, ვისაც სიმპტომები არ ექნებათ, ჩაუტარდებათ სკრინინგი ანტისხეულებზე სწრაფი ტესტით.
სასულიერო პირებთან ერთად, მაღალი რისკ ჯგუფად განიხილებიან მთავრობის წევრები, სამედიცინო პერსონალები, პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი პირები, ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებები, თავდაცვის ძალები, სტაციონალური ფსიქიატრიული დაწესებულებების წარმომადგენლები და სხვა.