შინაგან საქმეთა სამინისტრო ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასულ სიუჟეტს ეხმიანება და აცხადებს, რომ ინფორმაცია იმის შესახებ თითქოს შსს-ს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, სიმართლეს არ შეესაბამება. უწყებაში აცხადებენ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიტიკურად ნეიტრალური უწყებაა.
„ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გასული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები პარტიული მითითებით წინასაარჩევნოდ საქართველოს რეგიონებში იმყოფებიან, არის “ფეიკ ნიუსი” და არ შეესაბამება სიმართლეს. შინაგან საქმეთა სამინისტრო არის პოლიტიკურად ნეიტრალური უწყება და მედიასაშუალების მხრიდან მსგავსი ცრუ ინფორმაციის გავრცელება ემსახურება პოლიციის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას,“- ნათქვამია უწყების განცხადებაში.
გუშინ, 23 ოქტომბერს, მთავარმა არხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შსს-სა და სუს-ის თანამშრომლები, ქართული ოცნების დავალებითა და წინასაარჩევნო მობილიზების მიზნით, რეგიონებში იმყოფებიან.