ჩვენი მიზანი კეთილშობილურია – დონბასელი ხალხის დახმარება – პუტინი

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ამბობს, რომ უკრაინაში “ანტირუსულ ძალებთან” შეტაკება გარდაუვალი იყო და ეს დროის საკითხს წარმოადგენდა.

მისი თქმით, დონბასში რუსი ოფიცრები თანამედროვე იარაღით კომპეტენტურად მოქმედებენ.

“დღეს ჩვენი ოფიცრები მონაწილეობენ სპეცოპერაციაში დონბასში, უკრაინაში. ისინი დახმარებას უწევენ დონბასის სახალხო რესპუბლიკებს. ისინი მოქმედებენ გაბედულად, კომპეტენტურად, ეფექტურად, იყენებენ ყველაზე თანამედროვე ტიპის იარაღს უნიკალური, შეუდარებელი მახასიათებლებით“, – თქვა პუტინმა.

ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი დარწმუნებულია, რომ “დონბასის დაცვის” ოპერაციის მიზნები მიღწეული იქნება.

“ასე იქნება. ეჭვგარეშეა [რუსეთის შეიარაღებული ძალები მიაღწევენ დასახულ მიზნებს]. მიზნები აბსოლუტურად გასაგებია, ისინი კეთილშობილურია. მთავარი მიზანია დონბასში მცხოვრები ხალხის, დონბასელი ხალხის დახმარება. ჩვენ იძულებული გავხდით, ეს გაგვეკეთებინა, რადგან კიევის ხელისუფლებას დასავლეთმა უბიძგა, უარი ეთქვა მინსკის შეთანხმებების შესრულებაზე, რომელიც მიზნად ისახავდა დონბასის პრობლემის მშვიდობიანად გადაწყვეტას”,– აღნიშნა პუტინმა.

ბრიტანული დაზვერვის ცნობით, უკრაინის აღმოსავლეთში ბრძოლების ინტენსივობა მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში გაიზრდება.