“ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით უცვლელია”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„შეხვედრაზე განვიხილეთ საკითხები, რომელიც ზოგადად მუსირებს და ოპოზიციური პარტიების მხრიდან განხილვის საგანია. ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსირე და ახლა მინდა საჯაროდ დავაფიქსირო. პირველი საკითხი შეეხებოდა ნიკა მელიას ციხიდან გამოშვებას, ვთქვი, რომ ჩვენ არ და ვერ ჩავერევით კანონის აღსრულებაში. ამასთან, ნიკა მელიას ოჯახს და პარტიის წევრებს თუ სურვილი აქვთ, თუ მართლაა მათ ინტერესებში მელიას გამოყვანა, სანამ საქმეზე საბოლოო განაჩენი დადგება, აქვთ სრული შესაძლებლობა რომ ნებისმიერ დროს და დღეს გადაიხადონ მოთხოვნილი გირაო. მეორე საკითხი ეხებოდა ჩვენი მხრიდან სრულ მზაობას საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით, ამაზე ჩვენ უკვე გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები, ეს მოიცავს კომპლექსურ საკითხებს, რომ კიდევ უფრო გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ საარჩევნო რეფორმა. ეს ეხება ადგილობრივ არჩევნებს და მომდევნო საპარლამენტო არჩევნებს. მესამე საკითხი იყო ვადამდელი არჩევნები. ჩვენი პრინციპული პოზიცია ვადამდელ არჩევნებთან დაკავშირებით არის უცვლელი, ეს არის უცვლელი ხაზი, საკითხი, რომელიც არ განიხილება. არავითარი ლეგიტიმური საფუძველი ვადამდელი არჩევნების მოთხოვნის ქვეყანაში არ არსებობს. მე პირადად და ჩვენი გუნდი ვმოქმედებთ და ვიმოქმედებთ მხოლოდ ქვეყნისა და ხალხის ინტერესების შესაბამისად და არა რომელიმე კონკრეტული პარტიის პირადი ახირებისა თუ ინტერესების შესაბამისად. თუ პარტიებს სურთ რეალური დიალოგის დაწყება, ჩვენ ამისთვის გავხსენით შესაბამისი ფორმატი და მზად ვართ გავაგრძელოთ ეს ფორმატი. მე იქ გავეცანი და მოვისმინე მონაწილეების საკმაოდ საღი, კონსტურქციული მოსაზრებები. ეს მაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ვივარაუდო, ეს დიალოგი ოპოზიციის კონსტრუქციულ ნაწილთან გაგრძელდება და დასრულდება წარმატებით. რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევძლოთ ერთიან პარლამენტში მუშაობა, რათა ქვეყანა ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას დაუბრუნდეს“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.