ბრალდებულების მიმართ აღკვეთი ღონისძიება – პატიმრობა ძალაში უნდა დარჩეს, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს, – ამის შესახებ ე.წ. კარტოგრაფების საქმის პროკურორმა მიხეილ სადრაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან ჟურნალისტებს განუცხადა.
„ბუნებრივია, ჩვენი პოზიციაა ბრალდებულების მიმართ გამოყენებული იყოს აღკვეთი ღონისძიება პატიმრობის ძალაში დარჩენა, რადგან მათი გამოძიებაში უარყოფითი მონაწილეობის საკითხი მაღალი ხარისხით არსებობს. დარწმუნებული ვარ, სასამართლო შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. ნებისმიერი გადაწყვეტილების შემთხვევაში ამ საქმეზე, რა თქმა უნდა, გამოძიება გაგრძელდება. ჩვენი პოზიცია კატეგორიული იქნება, რადგან ეს საქმე სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაულია. ნაწილი ექსპერტიზის დასკვნა მიღებულია, ნაწილს კი ველოდებით. როგორც მოგეხსენებათ, უამრავი მტკიცებულებაა მოპოვებული, თუმცა ყველა კითხვაზე პასუხი გაცემული არ არის და ბუნებრივია, ამ დასკვნებსაც მივიღებთ”, – განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილ ქმედებებში ბრალდებულების საქმის პროკურორებს სასამართლოსთან შეკრებილი სამოქალაქო აქტივისტები სტვენით დახვდნენ.
„მონა მიხეილ” – ამ შეძახილებისა და ტაშის ფონზე მოუწია საქმის პროკურორს ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ბრალდებულების მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გადაისინჯება.