პატრიარქი ილია მეორე საკვირაო ქადაგებისას ამბობს, რომ “დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ მეორედ მოსვლისთვის”.
„ჩვენთან არს ღმერთი! ჩვენი ცხოვრება ემსგავსება კიბეს; ერთი პირი მაღლა მიდის, მეორე – დაბლა. ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც მაღლა მიდის. ჩვენ უნდა ვთხოვოთ უფალს, რომ ამ უკანასკნელ ჟამს ჩვენ ყველა მაღლა მიმავალ კიბეზე ვიყოთ.
მაცხოვარი ამბობს: „ითხოვდით და მოგეცეთ თქვენ, ეძიებდით და ჰპოვოთ, ირეკდით და განგეღოს თქვენ“. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ დრო იწურება და მზად უნდა ვიყოთ უფლის მეორედ მოსვლისათვის. ცხოვრება ადამიანისა რთულია, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ უფალი სუფევს, უფალი მეფობს, უფალი გვაძლევს ძალას და სიბრძნეს, უფალი არ დაგვტოვებს ობლად”,– ამბობს პატრიარქი.
ილია მეორის განცხადებით, სამღვდელოება “თავდადებულად ებრძვის ბოროტებას”.
“განსაკუთრებით უნდა ვიფიქროთ ახალგაზრდებზე, ჩვენს მომავალ თაობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ ახალგაზრდობა გარემოცულია უარყოფითი მოვლენებით. ღმერთი არ დაგვტოვებს, ძალას მოგვცემს. ფსალმუნი ამბობს: „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“.
ძალა და მშვიდობა მოგვანიჭოს ზეციერმა მამამ, ძალა და მშვიდობა სუფევდეს ჩვენს გონებაში, ჩვენს გულში, საქართველოსა და მსოფლიოში. ჩვენი სამღვდელოება თავდადებულად ებრძვის ბოროტებას, იბრძვის და სულიერი წინსვლისთვის.
დღეს ჩვენ გადავწყვიტეთ, დავაჯილოვოთ მოძღვარი. დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი თავდადებული მოღვაწეობისათვის დაჯილდოვდეს მეორე ჯვრის ტარების უფლებით. „უფალმან ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმან აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით“. მშვიდობა სუფევდეს თქვენში და თქვენ გარშემო, გაიხარეთ!”,– თქვა ილია მეორემ.