გუშინ და დღეს მტერმა ადეკვატური პასუხი მიიღო, ჩვენი ჯარისკაცების გამო შური ვიძიეთ და ასე იქნება მომავალშიც, – სააგენტო APA-ს ინფორმაციით, ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
მისივე თქმით, სომხეთის პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი აზერბაიჯანის მიერ საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული დიდი წარმატებაა.
„ვფიქრობ, ამ პროვოკაციის ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ ბოლო პერიოდში აზერბაიჯანმა საერთაშორისო ასპარეზზე დიდ წარმატებებს მიაღწია. ჩვენი ინიციატივით გაიმართა საერთაშორისო ორგანიზაციების სამიტები. ჩვენი ინიციატივით ჩატარდა გაეროს გენერალური ასამბლეის სპეციალური სხდომა. ამ წინადადებას მხარი დაუჭირა 130-ზე მეტმა ქვეყანამ, ხოლო სომხეთი წინააღმდეგი წავიდა და ამით საკუთარი თავის მსოფლიოდან იზოლირება მოახდინა. თავისი გაუგებარი პოზიციით კოვიდ 19- ის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ, რომელიც დღეს მსოფლიოს დღის წესრიგის სათავეშია, სომხეთმა კიდევ ერთხელ მიაპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება საკუთარი უსახური პოლიტიკისკენ. როგორ შეიძლება ეს იმ დროს, როდესაც აზერბაიჯანი მოითხოვს, რომ მთელი მსოფლიო გაერთიანდეს ამ ბრძოლაში, სომხეთი დაუპირისპირდა მას, ”- განაცხადა ილჰამ ალიევმა.
„სომხეთის ხელისუფლების მიერ გუშინდელი ინციდენტის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიცრუის კიდევ ერთი ნიშანია. მათ სურთ, პასუხისმგებლობა აზერბაიჯანზე გადაიტანონ. მათ მხოლოდ მშვიდობიანი მოსახლეობის, ან ჩვენი სამხედრო საგუშაგის წინააღმდეგ მოულოდნელი ცეცხლის გახსნა შეუძლიათ. ისინი ასე მოიქცნენ და კიდევ ერთხელ გამოავლინეს თავიანთი მახინჯი და მზაკვრული ბუნება,” – განაცხადა ილჰამ ალიევმა.
შეგახსენებთ, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეიარაღებული დაპირისპირება გუშინ დაიწყო. აზერბაიჯანული მხარე სამი სამხედროს დაღუპვას ადასტურებს და აცხადებს, რომ სომხური მხარე დანაკარგის შესახებ ინფორმაციას მალავს. სომხეთის თავდაცვის სამინისტრო კი ამტკიცებს, რომ დანაკარგი არ აქვთ.