ოთხშაბათი, 27 ნოემბერი , 2024, 14:46

ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ – სი ძინპინი პუტინს შეხვდა

ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინპინმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მოსკოვში შეხვედრისას განაცხადა, რომ “ჩინეთი და რუსეთი მსგავს მიზნებს იზიარებენ” და აღნიშნავს, რომ ჩინეთი „დიდად აფასებს“ ჩინეთ-რუსეთის კავშირებს.

“მართალია, რომ ჩვენი ქვეყნები იზიარებენ იგივე, ან მსგავს მიზნებს“, – აღნიშნა სი ძინპინმა.

როგორც ჩინეთს ლიდერმა რუს კოლეგას განუცხადა, მოხარულია იმით, რომ რუსეთი პირველი ქვეყანაა, რომელსაც ჩინეთის პრეზიდენტად ხელახლა არჩევის შემდეგ ეწვია.

“ძალიან ბედნიერი ვარ, რომ თქვენი მოწვევით შემიძლია კვლავ ვესტუმრო რუსეთს“, – აღნიშნა ჩინეთის ლიდერმა.

სი ძინპინმა განაცხადა, რომ რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა პუტინის მტკიცე ხელმძღვანელობით.

“მე ვიცი, რომ მომავალ წელს რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნებია. რუსეთის განვითარება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა თქვენი მტკიცე ხელმძღვანელობით. მჯერა, რომ რუსი ხალხი გააგრძელებს თქვენს მტკიცე მხარდაჭერას”, – დასძინა ჩინეთის პრეზიდენტმა.

მედიის ცნობით, კრემლის ლიდერმა სი ძინპინს განუცხადა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარებასთან დაკავშირებით, რუსეთი მზადაა პეკინის წინადადებები განიხილოს.

ამასთან, პუტინმა ჩინეთის ლიდერს უთხრა, რომ მოსკოვმა “გულდასმით შეისწავლა” პეკინის მიერ შეთავაზებული წინადადებები.

„თქვენ იცით, რომ ჩვენ ყოველთვის ღია ვართ მოლაპარაკებების პროცესისთვის. ჩვენ აუცილებლად განვიხილავთ ყველა ამ საკითხს, მათ შორის თქვენს ინიციატივას“, – დასძინა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პრეზიდენტი სი ძინპინი ოფიციალური ვიზიტით მოსკოვში დღეს ჩავიდა.