ჩინეთის განცხადებით, სანქციებით აშშ “ცეცხლზე ნავთს ასხამს”, რაც “ამორალურია”

ჩინეთმა აშშ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებისთვის გააკრიტიკა და მის ქმედებას “ამორალური და უპასუხისმგებლო უწოდა”.

საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა, ჰუა ჩუნინმა პეკინში გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა, რომ აშშ უკრაინაში იარაღის გაგზავნით “ამწვავებს დაძაბულობას” და “ქმნის პანიკას”.

„თუ ვინმე ცეცხლზე ნავთს ასხამს და სხვებს ადანაშაულებს… მაშინ ეს ქმედება უპასუხისმგებლო და ამორალურია“,– განაცხადა ჩუნინმა.

მანვე აღნიშნა, რომ “აშშ-სგან განსხვავებით, რომელიც აგზავნის იარაღს, ამძაფრებს დაძაბულობას და ზრდის ომის შესაძლებლობას, ჩინეთი მოუწოდებს ყველა მხარეს, პატივი სცენ და დააფასონ ერთმანეთის ლეგიტიმური შეშფოთება უსაფრთხოების საკითხზე”.

ცნობისთვის, აშშ-მ ორ რუსულ ბანკს, რუსულ ელიტასა და სახელმწიფო ვალს სანქციები დაუწესა. გარდა ამისა, რუსული აგრესიის საპასუხოდ, აშშ-მ ქვეყნის მოქალაქეებს ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ახალი ინვესტიციები და ვაჭრობა აუკრძალა.

ევროკავშირმა დაასანქცირა დუმის 351 დეპუტატი, 27 პირი და ორგანიზაცია. დიდმა ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა 5 რუსულ ბანკსა და 3 მილიარდერს. გერმანიამ კი შეაჩერა Nord Stream 2-ის სერტიფიცირების პროცესი. სანქციებს შეუერთდნენ კანადა, იაპონია და ავსტრალიაც.