ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის ოლქში ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატის, ხათუნა გოგორიშვილის განცხადებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბიუჯეტიდან გამოყოფილი 96 500 ლარიდან 87 500 ლარი იმ ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასს მოხმარდა, რომელშიც თანამდებობის პირთა ცოლები არიან დასაქმებული.
“ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ერთ-ერთ ორგანიზაციასთან გააფორმა ხელშეკრულება – ურთიერთგაგების მემორანდუმი პროგრამაზე, რომლის სახელია “ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში”. აღნიშნული პროგრამა მიზნად ისახავს სოციალურად დაუცველი ადამიანების დახმარებასა და მათ ჯანმრთელობაზე ზრუნვას. ამ პროგრამისთვის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გადარიცხული იქნა 96 500 ლარი, საიდანაც 87 500 ლარი მოხმარდა ამ პროგრამაში დასაქმებული 7 თანამშრომლის ხელფასს. მხოლოდ 9 000 მოხმარდა პროგრამას.” – ამბობს გოგორიშვილი.
გოგორიშვილის თქმით, ინფორმაცია აუდიტის დასკვნაშია მოცემული. პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ “პრობლემა მარტო თანხის განკარგვაში არაა” და ინტეგრირებულ საქმიანობათა დღის ცენტრში დასაქმებული არიან თანამდებობის პირების ცოლები:
- თამარ კოროშინაძე – მერიის სოციალური სამსახურის განყოფილების უფროსის, ვანო ცინცაძის, ცოლი.
- ირინა მამალაძე – მერის მოადგილის, თამაზ ჯინჭარაძის ცოლი.
- ირინა ხოტრიშვილი – საკრებულოს საბიუჯეტო-საფინანსო კომისიის თავმჯდომარის, აკაკი ყაჭეიშვილის ცოლი.
- ნათია გურგენიძე – ჩოხატაურის ელექტროქსელების ხელმძღვანელის, თემურ ჩხიკვაძის ცოლი.
გოგორიშვილის ინფორმაციით, ყველა ეს ადამიანი პარალელურად ჩოხატაურის მუნიციპალიტეტშია დასაქმებული და ბიუჯეტიდან სხვა ხელფასსაც იღებს.
“ამ პროგრამას შეგვიძლია დავარქვათ ცოლების საქმიანობათა დღის ცენტრი ჩოხატაურში. მინდა, დავპირდე ჩოხატაურელებს, ეს ყველაფერი 31 ოქტომბერს დასრულდება, მაშინ, როცა ივანიშვილი და მისი მთავრობა ხელისუფლებიდან წავა. დასრულდება ნეპოტიზმი და ყველა ადამიანი სამსახურის შოვნას თავისი შესაძლებლობისა და უნარების შესაბამისად შეძლებს”,- განაცხადა გოგორიშვილმა.