ჭავჭავაძის გამზირზე, ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისის საკრებულოს ოპოზიციონერ დეპუტატებს უცნობი პირი დაუპირისპირდა.
ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც ლევან ხაბეიშვილი და ირაკლი ნადირაძე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ათვალიერებდნენ.
ადგილზე მერიისა და იმ კომპანიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ, რომელიც სამუშაოებს ასრულებს, თუმცა როგორც მათ განაცხადეს, პიროვნება, რომელიც ოპოზიციის წარმომადგენლებს თავს დაესხა, მათთან არ მუშაობს და არც მისი ვინაობა იციან.
მამაკაცმა ტერიტორია შეუმჩნევლად დატოვა. ოპოზიციის წარმომადგენლებს კი მერიის ერთ ერთმა თანამშრომელმა ინციდენტის გამო, ბოდიში მოუხადა.
ვაკის პარკთან გაჩერების ერთ ერთი ტაბლოს დამონტაჟება მუშებმა მას შემდგ დაიწყეს, რაც ადგილზე “მთავარი არხი” გამოჩნდა.
ჭავჭავაძის გამზირზე მიმდინარე სამუშაოები და მერიის გადაწყვეტილება კი მოსახლებისთვისაც და ოპოზიციისთვისაც გაუგებარია:
“აქ, ჭავჭავაძეზე იქნება ოთხი ზოლი, შემდგ უკვე მოძრაობის საპირისპიროდო უნდა შევიდნენ დანარჩენ ჭავჭავაძეზე. როგორ ხდება ოთხი ზოლიდან ორ ზოლზე გადასვლა, პლუს მოძრაობის საწინააღმდეგოდ, ეს ამოცანა ახლა უნდა ამოხსნას დედაქალაქის ჭკვიანმა მერმა”- ამბობს ლევან ხაბეიშვილი
ირაკლი ნადირაძე ამბობს, რომ თავდაპირველ პროექტსა და დამტკიცებულ პროექტს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებებია. მისივე თქმით, სატენდერო დოკუმენტაციაც პირველ პროექტს არის მორგებული.
მერიის წარმომადგენლები ამ ინფორმაციას არ ადასტურებენ და ამბობენ, რომ ჭავჭავაძის გამზირზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინრეობს. სამუშოებს ვაკეში კომპანია “ჯეო გრუპი” 2019 წლიდან ახორციელებს.