საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიასთან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი დაიშალა. ინფორმაციას სამოქალაქო საარჩევნო კომისია ავრცელებს და ცესკო ადასტურებს.
“როგორც იურიდიულმა დეპარტამენტმა განმარტა, 6 წერილობითი განცხადება შემოვიდა წევრობის დატოვების თაობაზე, შესაბამისად, აღნიშნული იწვევს იმას, რომ საკონსულტაციო ჯგუფის საქმიანობის შეწყვეტა უნდა განხორციელდეს, რაც თავის მხრივ გულისხმობს შესაბამისი სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადებას”,– განაცხადა ცესკოს თავმჯდომარე.
სამოქალაქო საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ცესკო-ს ძალისხმევით აღნიშნული ჯგუფი სრულად პროსამთავრობო, ცესკო-ს მიერ წლების განმავლობაში დაფინანსებული ორგანიზაციებით დაკომპლექტდა.
“ჩვენი პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევით, დადგინდა, რომ საკონსულტაციო ჯგუფში მყოფმა 9 ორგანიზაციამ ცესკო-სგან 2 341 229 ლარის დაფინანსება მიიღო.
დადგენილების თანახმად, საკონსულტაციო ჯგუფი ცესკო-ს წარუდგენდა რეკომენდაციებს საარჩევნო დავებზე. ჯგუფი შესაძლოა ჩართულიყო კენჭისყრის შედეგების გადათვლის პროცესშიც”,– წერია საბჭოს განცხადებაში.