უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ, მისი გუნდის წევრების შემდეგ, თავადაც უარყო რუსეთის ლიდერის პუტინის საშობაო ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოწოდება, როგორც ფარისევლური მცდელობა სულის მოსათქმელად.
ზელენსკიმ მისი ვიდეომიმართვის მეორე ნახევარი პუტინის განცხადებას მიუძღვნა და ამ ნაწილში რუსულ ენაზე რუსეთის მოქალაქეებს მიმართა.
უკრაინის პრეზიდენტმა გაიხსენა, რომ უკრაინა უკვე გამოვიდა თავისი „მშვიდობის ფორმულის“ შეთავაზებით, მაგრამ მასში მთავარი ელემენტი რუსი ოკუპანტების გაყვანაა.
„რუსეთის საოკუპაციო ჯარების ჩვენი ქვეყნის ტერიტორიიდან გაყვანა არის გარანტირებული და საიმედო გზა ცეცხლის, ადამიანური დანაკარგების და ზოგადად ომის შესაჩერებლად.
ახლა მათ უნდათ შობა საფარად გამოიყენონ, რათა ცოტა ხნით შეაჩერონ ჩვენი ბიჭების წინსვლა დონბასში და აღჭურვილობის, საბრძოლო მასალისა და მობილიზებული სამხედროების ჩვენს პოზიციებთან ახლოს თავმოყრა შეძლონ. რას მოგვცემს ეს? მხოლოდ დანაკარგების მორიგ ზრდას. მსოფლიოში ყველამ იცის, როგორ იყენებს კრემლი ომში სულის მოთქმის შესაძლებლობას. იყენებს იმისთვის, რომ ომი ახალი ძალით განაგრძოს.
ომი დასრულდება მაშინ, როდესაც თქვენი ჯარისკაცები ან წავლენ, ან ჩვენ მათ გავყრით. ასე რომ, დაე წაიღონ უნიტაზები – გზაში დასჭირდებათ – და დაბრუნდნენ სახლებში.
იმისათვის, რომ ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, სულ სხვა რამ არის საჭირო: რუსეთის მოქალაქეებმა უნდა გამონახონ გამბედაობა საკუთარ თავში მინიმუმ 36 საათის განმავლობაში, სულ მცირე, შობის დროს, რათა განთავისუფლდნენ თავიანთი სამარცხვინო შიშისგან ერთი ადამიანის მიმართ კრემლში. მისდამი თქვენი შიში ანადგურებს თქვენს ქვეყანას.“ – თქვა ზელენსკიმ.
ვლადიმერ პუტინმა ხუთშაბათს რუსეთის ჯარს საშობაოდ ცეცხლის შეწყვეტა უბრძანა და უკრაინელებსაც იგივეს გაკეთებისკენ მოუწოდა. უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებმა და მისმა დასავლელმა მოკავშირეებმა პუტინის მოწოდებას თვალთმაქცობა და მზაკვრობა უწოდეს.