შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა ქალი, რომელმაც ბორჯომში ახალი წლის ღამეს შვილი მოკლა.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალმა შვილს – 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა”, – წერია უწყების განცხადებაში.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
შსს–ს ცნობით, ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.