ახალქალაქის, კუმუდოსა და კარის ეპისკოპოსი ნიკოლოზ ფაჩუაშვილი 17 მაისთან დაკავშირებით ამბობს, რომ ცისარტყელას ვერავის აჩუქებს. ამ განცხადებით ის ლგბტ აქტივისტებს ეხმიანება, რომლებმაც თბილისის მერს მოსთხოვეს, 17 მაისს თბილისის ანძა ცისარტყელის ფერებში განათდეს.
“ცისარტყელის ფერები ლგბტ-მ რატომ უნდა მიითვისოს, გამაგებინეთ რა. რას ნიშნავს ლგბტ ფერები? ცისარტყელის ფერებია და ცისარტყელა გამოუჩინა ღმერთმა ნოეს, მშვიდობის ნიშნად, მშვიდობის ნიშანია ცისარტყელა. მე პირადად, ცისარტყელას ვერავის ვერ ვაჩუქებ, ცისარტყელა არის ჩემი”, – ამბობს ეპისკოპოსი ტვ პირველის ეთერში.
17 მაისი ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ასევე, ეს დღე საპატრიარქოს “ოჯახის სიწმინდის დღედ” აქვს დაწესებული. პატრიარქმა ილია II-მ ეს გადაწყვეტილება 2014 წელს მიიღო.