“ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის და ღვინის გარდა სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს, მათ შორის კლუბური ნარკოტიკების. “- ამ სკანდალურ განცხადებას, Gem Fest-ის ერთ-ერთი ორგანიზატორი გიორგი სიგუა, მამა პეტრე კოლხთან ლაივ-ჩართვაში აკეთებს. მისი თქმით, საპატრიარქოს ერთ-ერთი კომპანიიდან, “სნოდან”, 2 მილიონი დოლარი მიიღო, რომ GEM FEST ფესტივალი ჩაეტარებინა.
“მივედი საპატრიარქოში და იმ მეუფეებს, იმ წმინდა სინოდს, რომელიც მდევნიდა ამ კაზანტიპის გამო ანაკლიაში, ვუთხარი მოდი ძმებო, გავაკეთოთ კარგი ბიზნესი. ვუთხარი, რომ ფული იშოვება ამაში, ამაში… ახლა საჭიროა 2 მილიონი დოლარი და მაშოვნინეთ. ზუსტად სამ დღეში ხელში მქონდა 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფული. საპატრიარქოს დახმარებით ჯემფესტი ინვესტორი და გენერალური სპონსორი გახდა წყალი სნო, რომლის ოფიციალური თანამესაკუთრე გახდა საქართველოს საპატრიარქო.ის კომპანია, რომელიც აწარმოებდა და დისტრიბუციას უკეთებდა სნოს, რომელსაც თავის მხრივ ოფიციალურად წილში ჰყავდა საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია, საპატრიარქო, გახდა ჯემფესტის დამფუძნებელი ეპიკსტოუნ ინტერნეიშენალის 80%-ის მფლობელი, 20%-ის მე. 2 მილიონი დოლარი ნაღდი ფულით საპატრიარქო, წმინდა სინოდის ინვესტიცია ამოვიტანეთ საპატრიარქოს მეწილეებისგან და გავაკეთეთ ჯემფესტი. ძალიან გაეზარდათ მადა თქვენს მეუფეებს და წყლის და ღვინის გარდა სხვა რაღაცების გაყიდვაც მოინდომეს, მათ შორის კლუბური ნარკოტიკების. შემიძლია მეუფეების გვარები დაგისახელოთ, რომლებიც კლიშეს უკეთებენ ე.წ. ბარიგებს საქართველოში”, – თქვა გიორგი სიგუამ.
გიორგი სიგუას თქმით, საპატრიარქოსთან მისი თანამშრომლობა 1 წლის განმავლობაში გაგრძელდა:
“ერთი წელი გაგრძელდა, ასე ვთქვათ, ჩვენი ბიზნეს პარტნიორობა და შემდეგ გავეყარეთ. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, “ჯემ ფესტი“, რომელიც დღეს ტარდება კოლუმბიაში, არის შექმნილი საქართველოს საპატრიარქოს ფულით”, – განაცხადა სიგუამ.
მამა პეტრე კოლხის თქმით, ის, რასაც სიგუა ამბობს, სკანდალურთან ერთად გულდასაწყვეტიცაა.
“თქვენ აღნიშნავთ, რომ ხართ დაუძინებელი მტერი საქართველოს საპატრიარქოსი, არის თუ არა ეს ასე? ამ ყველაფრის მერე, ბიზნეს გარიგებები, ბიზნეს პარტნიორობა ისეთ ინსტიტუთან რატომ მოგინდათ, რომელიც თქვენთვის არის კატეგორიულად მიუღებელი და თქვენ ხართ მისი დაუძინებელი მტერი. ამით თქვენ თქვენს იმიჯს ხომ არ გაუფრთხილდით და მეტიც, საპატრიარქოს შემოსავლებით ხომ არ იყავით დაინტერესებული, რომ ხელი მოგეთბოთ და სწორედ საპატრიარქოს სახელით თქვენი საქმეებიც ცოტა წინ წაწეულიყო…ეს კეთილსინდისიერებაა?“ – ჰკითხა პეტრე კოლხმა გიორგი სიგუას, რაზეც სიგუამ უპასუხა, რომ ის “ანგელოზობაზე თავს არ დებს.“