პრეზიდენი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას მიმართავს და მოუწოდებს, არჩევნებზე წავიდნენ.
„სამ დღეში არჩევნებია! მოგმართავთ ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან ეტაპზე: კოვიდის შეკავება და ეკონომიკის გადარჩენა, ქვეყნის სტაბილურობის გამყარება, დემოკრატიული წინსვლის განმტკიცება – ეს ჩვენი ქვეყნის დღევანდელი და უალტერნატივო პრიორიტეტებია!
ამ დროს, შეტევა ხორციელდება იმ ინსტიტუციებზე და იმ პიროვნებების დისკრედიტაციის მცდელობებია, ვისაც საზოგადოება ენდობა და რომლებიც ხვალინდელი დღისთვის ყველაზე მეტად გვჭირდება, ეს არის – ჯარი, სამართალდამცავები და ჯანდაცვის წარმომადგენლები.
ჩემი მოვალეობა ამ სტრუქტურების და პიროვნებების დაცვაა, რომლებზეც ჩვენი ქვეყნის დღევანდელი დღე და მომავალი დგას”,– ამბობს ზურაბიშვილი.
პრეზიდენტი ყოფილი სამხედროს მიერ საქართველოს ბანკზე თავდასხმასაც ეხმიანება და ამბობს, რომ ” ერთი პირის გამო, ვინც არ უნდა იყოს ეს პირი, წარმოუდგენელია დანაშაულის განვრცობა მთელ ჯარზე”.
“მიუღებელია დამაკნინებელი და მადისკრედიტირებელი შეფასებების გავრცელება მთლიანად ჯარზე. მით უფრო, ქვეყანაში რომლის ტერიტორიები ოკუპირებულია და რომელიც ისწრაფვის ნატოსკენ; ასეთი უსაფუძვლო ბრალდებები პირდაპირ უთხრის ძირს ქვეყნის ინტერესებს, და ემსახურება დესტაბილიზაციას თუ უცხო ინტერესებს.
როგორც საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, კატეგორიულად ვგმობ და დავგმობ ასეთ მცდელობებს! მინდა, ჩემი ნდობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ დავუდასტურო ქართულ ჯარს!”,– წერია ზურაბიშვილის განცხადებაში.
პრეზიდენტი გმობს, “მიზანმიმართულ მცდელობას”, რომელიც საზოგადოების თვალში ჩვენი სამართლდამცავების პროფესიონალიზმის შელახვას ემსახურება და საბოლოოდ კი ძირს უთხრის შიდა სტაბილურობას”.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, არჩევნებზე მისვლა “ყველა არსებულ გამოწვევაზე საუკეთესო პასუხი და ჩვენი ხვალინდელი დღის უალტერნატივო გარანტიაა”.
“ეს თითოეული მოქალაქის ვალია – თქვენი, ჩემი. და ბოლოს, მინდა მივულოცო, მათ ვინც პირველად მიდის არჩევნებზე, პირველად მიიღებს მონაწილეობას სახელმწიფოს განვითარებაში და საკუთარი ქვეყნის მომავალს ამით განსაზღვრავს.
წადით არჩევნებზე, წადით მშვიდ, სამართლიან არჩევნებზე!“,-აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიმართვაში, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.