წალენჯიხაში “ოცნების” კანდიდატმა არჩეულ ოპოზიციონერ მერს წარმატება უსურვა

წალენჯიხაში “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოგა გულორდავამ არჩეულ ოპოზიციონერ მერს გიორგი ხარჩილავას წარმატება უსურვა. ამის შესახებ გულორდავამ სოციალურ ქსელში დაწერა.

“მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს მშობლიურ ქალაქს, რაიონს, თითოეულ ამომრჩეველს,რომელიც მივიდა არჩევნებზე და დააფიქსირა საკუთარი პოზიცია. მადლობა ყველას, ვინც მხარი დამიჭირა,თანადგომა გამომიცხადა და ამ წლების მანძილზე ერთგულად იბრძოდა ჩემი და ჩვენი გუნდის გვერდით. ჩვენ შევქმენით განვითარების ის სქემა,რომელიც წალენჯიხის კეთილდღეობის ხარისხზე ნათლად აისახა. წარმატებას ვუსურვებ გია ხარჩილავას, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც ჩემთვის და საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის მიუღებელია. ვიმედოვნებ, რომ მისი დღის წესრიგი მისი პარტიისგან განსხვავებით, საქმეზე ორიენტირებული იქნება და თავის მანდატს წალენჯიხას მოახმარს”. – განაცხადა გულორდავამ.

წალენჯიხის მერი ენმ-ის კანდიდატი, გიორგი ხარჩილავა გახდა. დათვლილია ხმების 100%.